რუსეთმა “ბუქარესტის ფორმულის გაუქმების” შესახებ მოთხოვნაზე აშშ-ს უარზე პასუხი გასცა

მოსკოვმა აშშ-ის ელჩს, ჯონ სალივანს “უსაფრთხოების შესახებ” რუსეთის წინადადებაზე აშშ-ის  პასუხზე  შემხვედრი მოსაზრებები გადასცა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ  “ამერიკულმა მხარემ არ გასცა კონსტრუქციული პასუხი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რუსეთის მხარის მიერ მომზადებული ხელშეკრულების პროექტის ძირითად ელემენტებზე“.

საგარეო უწყება განმარტავს, რომ საუბარია “ნატო-ს შემდგომი გაფართოების უარყოფაზე, “ბუქარესტის ფორმულის” გაუქმებაზე, რომ “უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები” და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში სამხედრო ბაზების შექმნაზე უარის თქმა; აგრეთვე, ნატო-ს ინფრასტრუქტურის დაბრუნება 1997 წლის მდგომარეობამდე, როდესაც რუსეთ-ნატოს ფუძემდებლურ აქტს მოეწერა ხელი”.

რუსეთის პასუხში ნათქვამია, რომ  „ამერიკის მხარის მზადყოფნის არარსებობის გამო,  ხელი მოეწეროს იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს აშშ-ის და მათი მოკავშირეების მხრიდან, რუსეთი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკური ზომების განხორციელებით“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში არავითარი შეჭრა არ არის და არც იგეგმება.

„ესკალაციაზე რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ ბრალდებები არ შეიძლება, განიმარტოს სხვაგვარად, თუ არა, როგორც ზეწოლის მცდელობა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის წინადადებების გაუფასურება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ “1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით რუსეთის ვალდებულებებს უკრაინის შიდა კონფლიქტთან არანაირი კავშირი არ აქვთ და უკრაინის მიერ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა შიდა პროცესების შედეგად მოხდა“.

დოკუმენტის ტექსტში აღნიშნულია, რომ სიტუაციის მოსაგვარებლად აუცილებელია, კიევმა შეასრულოს მინსკის შეთანხმებები, ხოლო დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს იარაღის შეტანა ქვეყანაში და უკრაინიდან ყველა ინსტრუქტორი გაიყვანოს.

„აშშ-ის და ნატო-ს მზარდი სამხედრო აქტივობა პირდაპირ რუსეთის საზღვრებთან საგანგაშოა მაშინ, როცა ჩვენი „წითელი ხაზები“ და უსაფრთხოების ძირითადი ინტერესები, ისევე  – როგორც რუსეთის სუვერენული უფლება, დაიცვას ისინი, კვლავ იგნორირებულია“, – ნათქვამია ტექსტში.

ხაზგასმულია, რომ რუსეთის ტერიტორიის გარკვეული რეგიონებიდან ჯარების გაყვანის მოთხოვნები მიუღებელია და ძირს უთხრის რეალური შეთანხმებების მიღწევის პერსპექტივებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები