ლაშა ხუციშვილი: 2021 წელს მიღწეული რეალური ეკონომიკური ზრდა 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე

2021 წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10,6%-ს მიაღწია, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.1 პროცენტით გაუმჯობესდა.

„მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელიც და თავდაპირველად პროგნოზირებული 53,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, 59.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ეკონომიკის ნომინალური გამოხატულების 6 მილიარდიან ზრდას გულისხმობს, ხოლო 2020 წელთან შედარებით, 10 მილიარდ ლარზე მეტითაა გაზრდილი. შედეგად, 2021 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დონე 5000 აშშ დოლარამდე გაიზარდა“, – აღნიშნა მან.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პანდემიის საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიიმართა ბიზნესის მხარდასაჭერად.

„ამ პერიოდში ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, თავიდან აგვერიდებინა პანდემიის გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში გადაზრდა და მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სამუშაო ადგილები. შედეგად, შემოსავლების სამსახურში კომპანიების მიერ დეკლარირებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს დასაქმებულთა დეკლარირებულმა რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა 4.0 პროცენტით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა ტურიზმის სექტორზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოსული შემოსავლების შემცირება აისახა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე და 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 12.4 პროცენტამდე გაიზარდა.

„2021 წლის მეორე ნახევრიდან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უკვე აჭარბებს 2019 წლის დონის 50 პროცენტს, ხოლო 2022 წლის იანვარში, უკვე 69.3 პროცენტს შეადგენს. არსებული შეფასებით, 2021 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, დაახლოებით, 2.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და საშუალოვადიან პერიოდში, ტურიზმის მოსალოდნელ აღდგენასთან ერთად, დაუბრუნდება 5-პროცენტიან ნიშნულს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები