ნიკო კვარაცხელიას დედა: მინდა, დავარღვიო დუმილი და მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია
თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული 21 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა წერილს ავრცელებს.
გარდაცვლილის დედა აღნიშნავს, რომ მკვლელობაში ბრალდებულ ერთ-ერთ პირს მიცემული აქვს აღიარებითი ჩვენება და დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი, მათ შორის, დასახელებული ჰყავს დამკვეთიც, თუმცა, ბრალდებულებს ადვოკატი და ოჯახის წევრები თავის დაღწევის მიზნით არ აძლევენ საშუალებას, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა საზოგადოების წინაშე აღიარონ.
“18 თებერვალს სასამართლო პროცესია, მინდა, დავარღვიო დუმილი და მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია, რომელიც არა მარტო ჩვენმა ოჯახმა, არამედ ბევრმა ადამიანმა იცის, რომ გიორგი კავილაძეს აქვს აღიარებული დანაშაული, მას დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი და დასახელებული ჰყავს დამკვეთიც, დამხმარეც და საკუთარ როლზეც ბევრი აქვს ნათქვამი. ეს იყო ძალიან დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, როგორც მისი აღიარებითი ჩვენებიდან ვიცით.
სამი უღირსი ადვოკატი და ოჯახები ჯგუფური დანაშაულიდან თავის დაღწევის მიზნით არ აძლევს საშუალებას, რომ მკვლელებმა საზოგადოების წინაშე აღიარონ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. კაველაძეებმა ერთხელ უკვე მსგავსი მეთოდით დაიხსნეს შვილი დანაშაულიდან. ღმერთმა არ ქნას, რომ ამ რამდენიმე ადამიანს გადაჰყვეს ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულება.
საბრალოებო, ჩვენი რწმენა და მიმტევებლობა ძალიან ცუდად გამოიყენეთ და ვერ გათვალეთ, რომ ამ ქვეყანაში არის კანონი, რომლის წინაშეც, მორწმუნეც და ურწმუნოც, თანასწორია. ჯგუფურს მარტო კაველაძე და ჭელიძე კი არა, სხვა ახალგაზრდებიც ვერ დააღწევენ თავს”, – აღნიშნულია წერილში.
მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულების ოჯახის წევრებმა საკუთარი შვილების დასჯის მოთხოვნის ნაცვლად ძვირადღირებული ადვოკატები აუყვანეს.
“ჩვენ დიდხანს ველოდით თქვენგან და ეჭვადაც არ გვქონდა, რომ თქვენ პირიქით – ადამიანურ სახეს შეინარჩუნებდით და იმ შემზარავი კადრების, ტერორისტული აქტის ხილვის მერე, რომელიც თქვენმა შვილებმა განახორციელეს და რომელიც მთელმა ქვეყანამ იხილა, თავად მოითხოვდით შვილების დასჯას, თქვენ კი ძვირადღირებული ადვოკატები აუყვანეთ და მათთან ერთად ფულზე ჰყიდით სინდისს”, – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს.