გუგავა – ჯაფარიძის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატურაზე: ეს არასწორი პოლიტიკური ნაბიჯია
თუ მანდატებს არ დატოვებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან და უმყარებენ უკანონო ქმედებებსა და ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა, გიორგი გუგავამ ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვების მოწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას, გუგავას ეს არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯად მიაჩნია და ამბობს, რომ ასე ოპოზიცია გამარჯვებას ვერ მიაღწევს.
„კონკრეტული გამოსავალი არსებული სიტუაციიდან, თუ გვინდა, სერიოზული პრობლემა შევქმნათ და დავამარცხოთ ოლიგარქია, მდგომარეობს შემდეგში – მანდატების დატოვება, საერთო სახალხო აქციები და ამავე დროს, მისი ბანდის, ხელისუფლების სანქცირება, მათი ანგარიშების სანქცირება. აი, ეს დაგვიხსნის ამ ოლიგარქიული დიქტატურისგან. მანდატების დატოვება ნიშნავს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურად ჩაითვლება. საერთო სახალხო გამოსვლა და ივანიშვილის ანგარიშების სანქცირება მოგვიტანს გამარჯვების საფუძვლებს და იხსნის ქვეყანას ამ გველეშაპისგან.
ჩვენი რჩევა იქნება ბატონი ბადრის მიმართ, რომ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება – ერთი მხრივ, შენ უკანონოდ გდევნიდნენ სრულიად პარლამენტიდან, დიქტატურა იყოს ქვეყანაში, მეორე მხრივ, კვლავ არჩევნების იმედი გქონდეს, სადაც აუცილებლად ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს, რომ დაგამარცხოს, მე ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა და ასე არ უნდა შევიდეთ ხელისუფლების თამაშში. ეს არის არასწორი პოლიტიკური ქმედება, როდესაც პარლამენტიდან გაძევებენ შენ, დიქტატურის გამოვლინებაა და, ამავე დროს, შენ იმედი გქონდეს ლოკალური არჩევნების გზით, თითქოსდა დემოკრატიულად ატარებდნენ ამ არჩევნებს, დაამარცხებ მას, ეს არის არასწორი პოლიტიკური სვლა“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.
ცნობისთვის, შუალედურ არჩევნებში “ლელოს” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, სადეპუტატო უფლებამოსილება შეწყვეტილი ბადრი ჯაფარიძე იქნება. საუბარია მის საერთო ოპოზიციურ კანდიდატად დასახელებაზეც. ამასთან, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, რომელსაც ასევე შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება, ოპოზიციას საპარლამენტო მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებს და ქუჩის საპროტესტო აქციების დაწყებას სთავაზობს.