იაგო ხვიჩია: პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის დაბრუნება სამართლიანი იქნება
“ჩვენი საქმე არ არის ვინმეს მოვუწოდოთ, ვინ შემოხაზოს, თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან სამართლიანი იქნება ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დაბრუნება”, – ასე გამოეხმაურა “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია რუსთავში ბადრი ჯაფარიძის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებას.
მისივე თქმით, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა უსამართლობა იყო.
„ჩვენ სპეციფიკური პარტია ვართ, რომელიც ამომრჩეველს არ ეუბნება, ვინ შემოხაზოს არჩევნებში, ჩვენ და “გირჩის” ამომრჩეველს ის გვაერთიანებს, რომ ჩვენი პირველი არჩევანია „გირჩი”, ამის იქით ჩვენი საქმე არ არის, ვინმეს მოვუწოდოთ, ვინ შემოხაზოს. თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან სამართლიანი იქნება ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დაბრუნება, რადგან უსამართლოდ გაუშვეს აქედან. ჩემი აზრით, ის, რომ რუსთავში ოპოზიციური ამომრჩეველია, ზრდის მის შანსს და ასევე ის ისტორია ზრდის, რომელიც გუშინ ამ შენობაში მოხდა. ხომ იცით, ასეთი ფაშისტური გამოთქმა – მეგობრებს ყველაფერი და მტრებს კანონიო, ეს პრინციპი იყო ჩემი აზრით გუშინ გამოყენებული და ხშირად იყენებს ამ პრინციპს “ქართული ოცნება”. როცა რაღაც ცუდის ჩადენა უნდა ამბობს, რომ კანონში წერია რაღაც, მაგრამ რეალურად ყველას გვესმის, არანაირი ვალდებულება ჯაფარიძის გასარიცხად დეპუტატებს არ ჰქონდათ კანონის თვალსაზრისით”, – განაცხადა ხვიჩიამ.