აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი გაიზარდა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2022 წელს განსახორციელებელი პროგრამების შესახებ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო.
პროგრამების შესახებ ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს აგრარული დაგეგმვისა და განხორციელების პროგრამების განყოფილების უფროსმა კარლო კეკლიძემ და აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ გააცნეს. სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი 1 154 476 ლარით გაიზარდა და 20 055 441 ლარით განისაზღვრა.
იზრდება სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. გაორმაგებულია სოფლად მეწარმეობის განვითარების ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები რაოდენობა.
პროექტების მიზანია აჭარის სოფლების ეკონომიკური გაძლიერება, ახალი საინვესტიციო პროექტები და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.
შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზოიძე, მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.