მაია ბითაძემ ონლაინ სესიაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის შესახებ”, ცოდნის გაზიარების ონლაინ სესიას დაესწრო.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული და საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის” გაცნობა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის, აგრეთვე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და პარლამენტის ყველა დაინტერესებული წევრისთვის.
„ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმაში გაერთიანებული, ევროკავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანების მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებები წარმოადგენს კომიტეტის სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს მიმდინარე წლების განმავლობაში.
მოხარული ვარ, რომ ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით ჩვენ მოგვეცა საშუალება ამ ფორმატით განვიხილოთ ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხები როგორებიცაა დეკარბონიზაცია, ენერგოეფექტურობა და დავსახოთ მათთან დაკავშირებული მიზნები, ამოცანები და ღონისძიებები, რომ უზრუნველვყოთ ეფექტური აღსრულება და გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპული სტანდარტების დანერგვის და ევროპულ გარემოს დაცვით კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით.”- განაცხადა მაია ბითაძემ სესიაზე, რომელიც ჩატარდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერითა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით.