გიორგი ბოტკოველი „ქართულ ოცნებას” – „თქვენ სხვა საქართველოში ცხოვრობთ, დანარჩენი მოსახლეობა კი სხვა საქართველოში”
პარლამენტის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა და ისინი აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
„კარგად დარწმუნდა ყველა, რომ თქვენ არ გაინტერესებთ თქვენი პასუხისმგებლობა და არ გაინტერესებთ თქვენი ვალდებულებები. აქ მხოლოდ იმით ხართ დაკავებულები, რომ საკუთარი კომფორტი შეიქმნათ და არ ისმოდეს ოპოზიციის ხმა. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლისთვისაც თქვენ ემზადებით და უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტოთ ბადრი ჯაფარიძეს და შალვა ნათელაშვილს, სწორედ ამას უკავშირდება. თქვენი მთავარი მიზანია დევნა თქვენი პოლიტიკური ოპონენტების და, ამ შემთხვევაში, სწორედ ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა ის, თუ როგორ ზის ციხეში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის თქვენი ოპონენტი, არამედ იმიტომ, რომ მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმ ქვეყნის განვითარებაში, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ და რომლის განვითარებასაც თქვენ ყოველდღიურად კლავთ. არ გაინტერესებთ რა ხდება რეგიონებში.
გაანადგურეთ თვითმმართველობა და პრობლემას პრობლემაზე უმატებთ. იმის მაგივრად, რომ თქვენი დაპირებები შეასრულოთ და გაანახევროთ ტარიფები და ფასები, გააორმაგეთ, გაასამმაგეთ, გაათმაგეთ კომუნალური ტარიფები და ფასები პროდუქტებზე. თქვენ სხვა საქართველოში ცხოვრობთ, დანარჩენი მოსახლეობა კი სხვა საქართველოში”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.