გივი მიქანაძე – ოპოზიციას: თავიდან ბოლომდე თქვენი პასუხისმგებლობაა, სიები თქვენ გაანულეთ

 

თავიდან ბოლომდე თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ, 66 დეპუტატის ნაცვლად, დღეს პარლამენტში ოპოზიცია 64 დეპუტატით არის წარმოდგენილი და დღევანდელი სხდომის შემდეგ შესაძლებელია, 61 დეპუტატით იყოს წარმოდგენილი – სიები თქვენ გაანულეთ, სხდომები თქვენ გააცდინეთ, განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტაზე თქვენ დაწერეთ, – ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

“გასული დღეების განმავლობაში ოპოზიციის არაერთმა წარმომადგენელმა, მათ მიერ მოწვეულმა იურისტებმა და რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს მოსაზრებები თითქოს და, სამართლებრივად არ არსებობს ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით ვერც ერთი სამართლებრივად გამყარებული არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. მაშინ როდესაც კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, თუ როგორ უნდა მოიქცეს პარლამენტი თუ პირს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ცნობილი იქნა დამნაშავედ.

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, მან ბოლო კვირების განმავლობაში არა ერთი პერფორმანსი შესთავაზა საზოგადოებას, თითქოს, მას არ სურდა პარლამენტში შესვლა და ეს მოთხოვნა საზოგადოებისგან და პარტიისგან დაკვეთის სახით მიიღო. უმრავლესობამ მე-10 მოწვევის პარლამენტში მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც მას ეს უფლება ორჯერ შეუნარჩუნდა, თუმცა, მან აქედან შესაბამისი დასკვნები ვერ გამოიტანა.

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით საკმაოდ მარტივია ვითარება – ის ამბობს, რომ საერთოდ არ აინტერესებს საპარლამენტო მანდატი. მსგავსი უდიერი დამოკიდებულება პარლამენტის ინსტიტუტის და საკუთარი ამომრჩევლების მიმართ, მემგონი, დამატებით შეფასებებს აღარ საჭიროებს.

ასე რომ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სპეკულაციებს მორჩით. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებსა და იმ შედეგებზე, რომელიც მას მოჰყვება“, – თქვა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები