გიორგი ვაშაძე: შევქმენით პენსიონერების სამართლებრივი დახმარების ცენტრი, სადაც ნებისმიერ პენსიონერს, დევნილს, სოციალურად დაუცველს შეუძლია, დარეკოს და ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს
„მინიმუმ 10%-ით შემცირდება პენსიონერების, დევნილების, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სესხის პროცენტი უკვე, მინიმუმ, 1-ელი იანვრიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. დიახ, ჩვენ – „სტრატეგია აღმაშენებელი“, პარტია „მოქალაქეები“ და უმრავლესობის დეპუტატები ძალიან აქტიურად ვიყავით ამაში ჩართულნი. ამ საკითხზე ძალიან ცხარე დისკუსიებიც გვქონდა ხოლმე, მაგრამ ეს ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ თემებზე ბრძოლას აზრი და შინაარსი აქვს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მისმა პარტიამ შექმნა ცენტრი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, დარეკონ და სამართლებრივი დახმარება მიიღონ.
„დღეს ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრი უსამართლობაა პენსიონერებთან, სოციალურად დაუცველებთან, უმუშევრად დარჩენილ ადამიანებთან მიმართებით. საშინელი გაჭირვება და საშინელი პრობლემაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პენსიონერების სამართლებრივი დახმარების .ცენტრი (ტელ: 558 262 845; 598 187 779), სადაც ნებისმიერ პენსიონერს, დევნილს, სოციალურად დაუცველს შეუძლია დარეკოს და ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიამ შეაჯერა საკონკურსო პირობები, რომელთა მიხედვითაც 1 თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით დაიწყებს პენსიებისა და საპენსიო უზრუნველყოფით სესხების გაცემას.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პენსიონერების საპროცენტო განაკვეთი 26%-მდე დაიწევა.