ალექსანდრე ელისაშვილი: ჩვენი შრომის შედეგად, პენსიონერები სესხს, სულ მცირე, 10%-ით ნაკლებში აიღებენ
„ჩვენი შრომის შედეგად, პენსიონერები სესხს, სულ მცირე, 10%-ით ნაკლებში აიღებენ და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად ნაკლებ პროცენტშიც”,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეები” თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფში ჩართვა ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ფრაქციასა და ჯგუფს შესთავაზეს, თუმცა, მათმა ნაწილმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. „როდესაც ეს ჯგუფი იქმნებოდა, ირაკლი ზარქუა სვამდა კატეგორიულად საკითხს, რომ საპენსიო სესხის პროცენტი იყო აღმაშფოთებლად მაღალი. შემოვედით და ჩვენც დავსვით ასევე კატეგორიულად ეს საკითხი. იგივე გააკეთა გიორგი ვაშაძემაც. შესაბამისად, შეიქმნა ჯგუფი და სანამ ეს ჯგუფი იქმნებოდა, დაიგზავნა ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფთან და ფრაქციასთან თხოვნა, რომ იქმნებოდა ასეთი ჯგუფი და კარგი იქნებოდა ყველას მონაწილეობა. მაგრამ ამ თხოვნას გამოვეხმაურეთ ოპოზიციიდან ჩვენ, ფრიდონ ინჯია და გიორგი ვაშაძის ჯგუფი. სხვებმა უარი თქვეს ამ კომისიაში მონაწილეობაზე. ეს მნიშვნელოვანი მომენტია ჩემთვის.
შეიქმნა ეს ჯგუფი და დიდი შრომის შედეგად, შევთანხმდით იმაზე, რომ სესხი იყო მაღალი, არათუ 30%-ში, შემთხვევებია ათობით, 43%-ში გასცემდა „ლიბერთი ბანკი” კრედიტს. უფრო მეტიც – იმის გამო, რომ სახელმწიფოსგან „ლიბერთი ბანკს” ჰქონდა მოთხოვნილი, რომ აბსოლუტურად უფასო ყოფილიყო საპენსიო სესხის გაცემის და პენსიების მომსახურების საქმე, ამიტომ, პირდაპირ ატყავებდნენ პენსიონერებს.
სესხის მაგივრად, ხელს აწერინებდნენ „ოვერდრაფტზე”. ჯამურად, მივაღწიეთ იმას, რომ სულ მცირე, 10%-ით ეს სესხი დაიკლებს. კონკურენციის შედეგად, თვის ბოლოს უნდა გამოცხადდეს კონკურსი, კიდევ შეიძლება, შემცირდეს ეს სესხი, იმიტომ, რომ ორ ბანკს აქვს ნათქვამი დასტური, რომ ამ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ პენსიონერებისთვის. სულ მცირე, ჩვენი შრომის შედეგად, 10%-ით ნაკლებში აიღებენ პენსიონერები და შეიძლება, კიდევ უფრო მეტით. მოტივაციაც აღარ ექნება ბანკს, რახან 15 მლნ ლარს სახელმწიფო მომსახურებაში გადაიხდის, რომ ასე გაატყავონ უღმერთოდ პენსიონერები. მოვისმინე, ასევე, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკა, რომ 10% რა არის. რა გიშლიდათ ხელს, რომ თქვენც მიგეღოთ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა? იქნებ, თქვენ უფრო მეტად დაგეწიათ ეს პროცენტი? კომისიაში მონაწილეობაზე უარი თქვით და ამის მერე, დადექით და გვაკრიტიკებთ. გაჩუმდით მაინც”,- განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.