არჩილ თალაკვაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ჩვენ ვარწმუნებდით, რომ სიები არ გაეუქმებინათ, დღეს სწორედ მათ სურთ უკან დაბრუნება და საკუთარი გადაწყვეტილების გამო ამას ვერ აკეთებენ

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დღევანდელ ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენა მოითხოვა.

„ეს განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად არათანმიმდევრულია „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენად დესტრუქციულია მათი მოქმედებები არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ – მათთვისაც. მიიღეს ნაჩქარევი, არასწორი გადაწყვეტილება თავის დროზე. ჩვენ ვარწმუნებდით, რომ სიები არ გაეუქმებინათ და ვარწმუნებდით, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო უკანა გზის მოჭრა. დღეს სწორედ მათ სურთ უკან დაბრუნება და საკუთარი გადაწყვეტილების გამო ამას ვერ აკეთებენ.

არ ვაპირებთ ამის განხილვას, ეს იყო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათი შეცდომის გამოსწორებას კანონების შეცვლით ჩვენ არ ვაპირებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერებას „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ოთხი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები