აკაკი ფაღავას დაბადებიდან 135 წელი გავიდა

დღეს ცნობილი რეჟისორისა და თეატრმცოდნის, აკაკი ფაღავას დაბადებიდან 135 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო ინფორმაციას აქვეყნებს.
„აკაკი ფაღავას სახელს ქართული თეატრის ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება. წლების განმავლობაში იგი თავდაუზოგავად მოღვაწეობდა ქართული თეატრის განვითარებისთვის – მოსკოვის სამხატვრო თეატრში სწავლის დასრულებიდან მალევე, 1915 წელს საქართველოში დაბრუნდა.
გარკვეული დროის განმავლობაში იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში და რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ, წარმატებით გააგრძელა სარეჟისორო საქმიანობა ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის თეატრებში. აკაკი ფაღავამ ჯერ კიდევ 21 წლისამ გამოაქვეყნა ბროშურა „ქართული თეატრი”, რომელმაც ქართული საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურა.
1920 წელს მისი თაოსნობით შედგა მსახიობთა დასი, რომლის სახელსაც უკავშირდება არტისტული საზოგადოების (დღევანდელი რუსთაველის თეატრი) შენობაში ქართული წარმოდგენების დადგმის აღორძინება. მან 1922 წელს თბილისში დააფუძნა თეატრალური სტუდია, რომელსაც 1924 წელს თეატრალური ინსტიტუტის უფლებები, ხოლო 1939 წლიდან ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა.
აკაკი ფაღავა წლების განმავლობაში იყო თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორი, ხოლო თეატრის ისტორიის კათედრის გამგის პოზიციას სიცოცხლის ბოლომდე იკავებდა. აღსანიშნავია, რომ აკაკი ფაღავას სახელს უკავშირდება 1924 წელს თბილისის კონსერვატორიასთან საოპერო სტუდიის ჩამოყალიბება, სადაც ის საოპერო კლასს ხელმძღვანელობდა და, ასევე, თეატრალური საზოგადოების დაარსებაც.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს აკაკი ფაღავას ფასდაუდებელ ღვაწლს ქართული თეატრისა და კულტურის განვითარებაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები