პაატა მანჯგალაძე: არ დაიჯეროთ, თუ “ქართული ოცნება” იტყვის, რომ მანდატების შეწყვეტის უკან სამართლებრივი საფუძველი დგას

“თუ დეპუტატებს მანდატებს შეუწყვეტენ, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას” პარლამენტში ოპოზიციის სიმრავლის ეშინია”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილების უკან სამართლებრივი საფუძველი არ დგას.

„არ დაიჯეროთ, თუ “ქართული ოცნება” იტყვის, რომ მანდატების შეწყვეტის უკან სამართლებრივი საფუძველი დგას, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს არ არის ფორმალური, სამართლებრივი საკითხი, პარლამენტის წევრი გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად პლენარულ სხდომაზე და ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია. თუ მიიღებენ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” ეშინია ოპოზიციის სიმრავლის პარლამენტში”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის: ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურაზე დადგება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები