დავით მათიკაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ჩვენს რეალობაში ძალიან გაზრდილია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, როდესაც პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორად გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო, კონსტიტუციითა და კანონით იმოქმედა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღება გამორიცხულია.
„საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ჩვენ რეალობაში ძალიან არის გაზრდილი, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში ფაქტობრივად უმოქმედო ორგანო იყო, რადგან თითქმის არავინ მიმართავდა მას. აზრს ვერ ხედავდა მოსახლეობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რამე სახით დახმარებოდა მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში. დღეს ეს ნამდვილად ასე არ არის. საკონსტიტუციო სასამართლო სავსეა სარჩელებით, რაც იმას არ ნიშნავს რომ დემოკრატიული კუთხით, ან საკანონმდებლო მიმართულებით რამე პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, პირიქით თავისუფლებისა და დემოკრატიულობის მაღალი ხარისხი ჩვენ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, რომ სწორად გამოიყენონ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი.
რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, როდესაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორად გაყო, მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციითა და კანონით იმოქმედა, ჩანაწერით, რომელიც გულისხმობს, რომ არ შეიძლება არსებობდეს რამე ინტერესთა კონფლიქტი ერთი მხრივ საგამოძიებო, ხოლო მეორე მხრივ პერსონალური მონაცემების შემოწმებისა და დაცვის კუთხით. შესაბამის, ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენ სიმართლეში, ამ მხრივ საკანონმდებლო ორგანოს მართებულობაში და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოდან ველოდებით მხოლოდ და მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. მეორე მხრივ, ზოგადად ვარაუდი არსებობს, რომ შესაძლოა სასამართლომ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ აქ მხოლოდ კომპენსაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, რადგან თეორიულადაც კი, გამორიცხულია, რომ ამ მოცემულობაში საკონსტიტუციო სასამართლომ რამე არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.