ბადრი ჯაფარიძე: ჩემთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს
ამ გადაწყვეტილების პირობებშიც კი, სამართლებრივი საფუძველი მანდატის შეწყვეტისთვის არ არსებობს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო გადაწყვეტილება თუ საქართველოში არა, სტრასბურგში მაინც აუცილებლად გაუქმდება.
„სასამართლოს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური დევნის გაგრძელება. ცხადია, გადაწყვეტილება იმდენად აბსურდულია, რომ საბოლოოდ აუცილებლად გაუქმდება. მაგრამ რაც შეეხება ხვალინდელ კენჭისყრას, ამ გადაწყვეტილების პირობებშიც კი, მანდატის შეწყვეტისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, როგორც ამბობენ და დასაბუთებულად ამტკიცებენ მიუკერძოებელი იურისტები. აქედან გამომდინარე, თუკი ხვალ მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა, რის შემდეგაც შესაბამისად ვიმოქმედებთ. დაველოდებით „ქართული ოცნების“ წევრების ხვალინდელ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველოს პარლამენტი ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.