ირაკლი კობახიძე: მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო და ერთ-ერთი იყო საქართველო
“მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო და ერთ-ერთი იყო საქართველო, რომელმაც ძალიან მკაფიო პოზიცია გამოხატა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას ატარებს.
„ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის, საქართველოშიც, რაც არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ ადამიანების მხრიდან 2008 წელს, როდესაც მათ საკუთარი ქმედებებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას. ასეთი ადამიანებისგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ უნდა განისაზღვრებოდეს და მადლობა ღმერთს, რომ არც განისაზღვრება. მათ უნდა გვაცადონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგია ის, რომ პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნება“, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა. ჩვენ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას გავაგრძელებთ და ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა კობახიძემ.