ნინო გიორგობიანი: ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის განცხადებაზე დაიწყო სრულიად უსაგნო და უსაფუძვლო სპეკულაცია
“ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის განცხადებაზე დაიწყო სრულიად უსაგნო და უსაფუძვლო სპეკულაცია”,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერადად არის აცრილი და მილიონობით დოზა სხვადასხვა ვაქცინა ქვეყანაში სწორედ მისი პრემიერობის დროს შემოვიდა.
“განცხადება ამოგლეჯილია კონტექსტიდან, კერძოდ, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ, როგორც ცნობილია, ვაქცინა არის არა ვირუსის შეხვედრისგან თავდაცვის, არამედ მისი გართულების თავიდან აცილების საშუალება და მან პირადი მაგალითიც დაასახელა, რამდენად მარტივად გადაიტანა „ომიკრონი“, ვინაიდან იყო სრულად ვაქცინირებული „ფაიზერის“ ვაქცინით.
• ეს განცხადება გაკეთებული იყო ე.წ. მწვანე პასპორტების გაუქმების კონტექსტში, ვინაიდან, ახალი რეალობის გათვალისწინებით, რამდენადაც ვაქცინა არ არის იმის გარანტი, რომ „ომიკრონი“ არ შეგვხვდება, ,,მწვანე პასპორტების,, მუშაობა აზრს კარგავს.
• პარალელურად, მოგეხსენებათ, რომ გრძელდება ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები და სახელმწიფო მაქსიმალურად ახალისებს ვაქცინაციას რისკჯგუფებში, კერძოდ, 50 წელს გადაცილებული ადამიანები აცრისას იღებენ 200 ლარს, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზის შემთხვევაში დამატებით 100 ლარს.
• ამას გარდა, პრემიერი ორჯერადად არის აცრილი და შეგახსენებთ, რომ მილიონობით დოზა სხვადასხვა ვაქცინა სწორედ მისი პრემიერობის დროს შემოვიდა ქვეყანაში”, – წერს გიორგობიანი.