ვახტანგ მაისაია: უკრაინაში ვითარება კრიტიკულია, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ომის სცენარი მოახლოებულია

უკრაინაში ვითარება მართლაც კრიტიკულია, არის რამდენიმე ინდიკაცია, რომლითაც შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ომის სცენარი მოახლოებულია, – ამის შესახებ უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა, ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაისაიამ უკრაინაში შექმნილი ვითარება შეაფასა.

„უკრაინაში სიტუაცია საკმაოდ კრიტიკულია. ომის დაწყების ალბათობა, ფაქტობრივად, 50/50-ზეა. ასეთი სერიოზული სიტუაცია, ალბათ, ცივი ომის პერიოდის შემდეგ არ ყოფილა.
ფაქტობრივად, ეს სიტუაცია „კარიბის კრიზისის“ სცენარს ძალიან წააგავს. ამიტომ, მე ტერმინი „შავი ზღვის კრიზისი“ შემოვიტანე. ვითარება მართლაც კრიტიკულია, არის რამდენიმე ინდიკაცია, რომლითაც შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ომის სცენარი მოახლოებულია. შეიძლება, საუბარი იყოს იმაზე, კრემლი უკრაინის წინააღმდეგ როგორი ტიპის ომს აარჩევს. კრემლმა, ფაქტობრივად, უკრაიანას ჰიბრიდული ომი სრულმასშტაბიანად გამოუცხადა. მოგეხსენებათ, ჰიბრიდული ომი 4 ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ესენია: სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო – ფსიქოლოგიური და კიბერომის ფაზები. ამ ფაზებიდან კრემლის მიერ 3 სრულადაა ამოქმედებული. გაქანებული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი მიმდინარეობს, მას როგორც შიდა, ისე გარე მდგენელი აქვს. გარე მდგენელს რაც შეეხება – პუტინს უნდა, დასავლეთმა აღიაროს, რომ რუსეთი გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრი და სუპერსახელმწიფოა, მსოფლიო წესრიგის ერთერთი მნიშვნელოვანი აქტორია. ამით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მსოფლიო წესრიგი მულტიპოლარულია. მეორე მომენტი: რუსეთი ცდილობს, დასავლეთს თავის სტრატეგია მოახვიოს, განსაკუთრებული, სასიცოცხლო მნიშვნელობის გავლენის ზონები განსაზღვროს. კიბერომს აღარ შევეხები. მისი შეტევის ობიექტები ისედაც არიან უკრაინული სტატეგიული დანიშნულების ობიექტები. ეკონომიკური ომი როგორ მიმდინარეობს, ისედაც გასაგებია.

სამხედრო ფაზა, როგორც ჩანს, კარსაა მომდგარი. ამის პირველი ინდიკაცია არის ის, რომ რუსეთმა შავი ზღვისა და აზოვის აკვატორიის სრული ბლოკირება მოახდინა, ფაქტობრივად, არაგადასაადგილებელ ზონად გამოაცხადა. რუსეთმა საკმაოდ ძლიერი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება შექმნა. რუსეთის ფედერაციამ ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში მოტყუებითი მანევრი განახორციელა, იქაც სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება აღადგინა.

გუშინ საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია გაჩნდა: რუსეთმა, როგორც ჩანს, უკრაინის გარკვეულ რაიონებზე უკვე უფრენო ზონის პირობები დააწესა. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი თვითმფრინავი შეიძლება, გაბრუნებული ან ჩამოგდებული იქნეს. რუსეთი ამაზე წამსვლელია. მესამე მომენტი ისაა, რომ დასავლეთის სახელმწიფოების დიპლომატიური მისიები, ფაქტობრივად, კიევს ტოვებენ, ლვოვის ტერიტორიაზე გადადიან. კიევიდან რუსეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც გადიან.
მე მაინც სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების წარმოებას გაბედავს. ალბათ, ეს უფრო მცირე ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი იქნება, რომელსაც თავის კონკრეტული გეოსტრატეგიული და სამხედრო სტრატეგიული ამოცანები გააჩნია“, – განაცხადა მაისაიამ.

მან საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების შესახებაც ისაუბრა.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში ტაქტიკური წვრთნები დაიწყო. იქაც ანალოგიური ტაქტიკური ელემენტებით მოქმედებენ, ანუ ესაა ქალაქის ბრძოლების ტაქტიკა. მობილიზებულია მძიმე ტექნიკის ერთეულები. როგორც ჩანს, მაღალი ალბათობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, „ეროვნული თავდაცვის ცენტრმა“ ჩვენი მიმართულებით, სავარაუდოდ, 7 ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი შექმნა, რომელთაც შეუძლიათ, საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული სამხედრო ზეწოლა მოახდინონ. ფართომასშტაბიანი ოპერაციები საქართველოს მიმართ, ალბათ, არ იქნება. რუსები შეეცდებიან, საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მაგისტრალები გადაკეტონ: თბილისი – გორი, გორი ფოთის და ბათუმის მიმართულება, საქართველოს დასავლეთ სანაპირო ტერიტორიებზე ტაქტიკური საზღვაო დესანტი გადმოსხან“, – განაცხადა მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები