საოლქო საარჩევნო კომისიები ბათუმში, გარდაბანსა და რუსთავში 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან
საოლქო საარჩევნო კომისიები ბათუმში, გარდაბანსა და რუსთავში 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
“აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა გასაუბრებები გამართეს საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის იმ მონაწილეებთან, რომელთაც თანხმობა განაცხადეს გასაუბრებაზე.
როგორც დროებითი ისე საოლქო კომისიების მუდმივმოქმედი წევრები 203 კონკურსანტს (მათი თანხმობის საფუძველზე) შეხვდნენ: რუსთავში გასაუბრებები წარიმართა 156 პირთან, გარდაბანში – 11 კონკურსანტთან, ხოლო ბათუმში – 36-თან. სულ 1048 ვაკანტურ ადგილზე 1206 განაცხადი დარეგისტრირდა. აქედან 55 პირი ბოლო საერთო არჩევნებზე პარტიის მიერ დანიშნული წევრი იყო საუბნო კომისიებში, შესაბამისად ისინი გამოეთიშნენ კონკურსის პროცესს. სულ ამ ეტაპზე კონკურსში 1151 პირი მონაწილეობს.
14 თებერვალს როგორც რუსთავის, ისე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება სხდომები, სადაც საარჩევნო ოლქების წევრები აირჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს. არჩევის პროცესი ღიაა ყველა უფლებამოსილი პირისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია კი როგორც ყოველთვის საზოგადოებას დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას არჩევის მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე.
საოლქო საარჩევნო კომისიებმა წელსაც გაითვალისწინეს ცესკოს რეკომენდაციები და გასაუბრებები კონკურსის მონაწილეებთან, სწორედ საჯაროობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად გამართეს. საარჩევნო ოლქები გარდა კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებისა კონკურსანტებთან მიმართებაში, ხელმძღვანელობენ ცესკოს მიერ შემუშავებული სხვა კრიტერიუმებითაც, – მათ შორის ითვალისწინებენ მათ პროფესიულ და საარჩევნო გამოცდილებას, საარჩევნო ადმინისტრაციაში მიუკერძოებელ საქმიანობას, ასევე გათვალისწინებულია მათი ჩართულობა საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში.
აღსანიშნავია, რომ სწორედ საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოცხადებული კონკურსისთვის ცესკომ საპილოტე რეჟიმში აამოქმედა ახალი ელექტრონული პლატფორმა განაცხადების წარდგენის მიზნით. ცესკოს ამ ტექნოლოგიური სიახლით ისარგებლა 478-მა პირმა.
ასევე შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში და გარდაბნის რამდენიმე უბანზე აირჩევენ, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს.
2 აპრილის შუალედური არჩევნების ორგანიზებისთვის აუცილებელი თითოეული ეტაპი წარიმართება საჯაროდ, დეტალები და ზუსტი ინფორმაცია მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი ცესკოს სხვადასხვა პლატფორმაზე (ვებგვერდი, სოციალური ქსელები). და ჩვენ პერიოდულად გავაცნობთ მედიას და საზოგადოებას ინფორმაციას მიმდინარე აქტივობების შესახებ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.