მაჭარაშვილი – ნათელაშვილზე: არავის უკვირს მისი პოლიტიკური დამალობანას თამაში – დილით შემდის, საღამოს პარლამენტს კმკავშირის კომიტეტს ეძახის
მგონი, არავის უკვირს ამ ადამიანის არასერიოზულობა, შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი პარტნიორების, საზოგადოების, თავისი ამომრჩევლის მიმართ. მისი წამოწყებული პოლიტიკური დამალობანას თამაში – დილით შემოდის, საღამოს პარლამენტს კომკავშირის კომიტეტს ეძახის და ა.შ. სერიოზულად აღარავის მიაჩნია”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განუცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ნათელაშვილი, “სამართლებრივადაც და მორალურადაც, საქართველოს პარლამენტში, წესით, არ უნდა იყოს”.
“კახა კუჭავამ თავისი ნებით დაწერა განცხადება, კერძო სექტორში მიდის. რაც შეეხება შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას, კონსტიტუციითა და რეგლამენტით, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში ნახევარზე მეტს არასაპატიოდ გააცდენს, მას უფლებამოსილება უწყდება. ეს ადამიანები საერთოდ არ ყოფილან საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, მათ მიმართ დადგა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რაც შეხება ბადრი ჯაფარიძეს, აქაც კონსტიტუცია და რეგლამენტი ამბობს, რომ თუ პარლამენტის წევრის მიმართ სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, ესეც უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. ეს სამართლებრივი მხარეა, რაც შეეხება ე.წ. პოლიტიკურ ნიშნებს, სამართლებრივი მდგომარეობა ისეთია, რომ შალვა ნათელაშვილს ბოიკოტი არ დაუწერია, განსხვავებით “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციისგან, რომელთა წევრების მიმართაც მხოლოდ ამის გამო არ დადგა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ნათელაშვილს არც განცხადება დაუწერია და არც პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიუმართავს საჯაროდ. ასე რომ, დროა, ბატონმა შალვამ რეგლამენტი კარგად წაიკითხოს. მგონია, რომ მას მორალურადაც არ აქვს უფლება, საქართველოს პარლამენტში წარმოადგენდეს იმ საზოგადოებას, რომლის მიმართაც საუბრობს, რომ არ უნდა ჰქონდეთ უფლება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. მან და მისმა პარტიამ 1% მიიღო ამ არჩევნებში. შესაბამისად, საზოგადოებას, ვისაც შეურაცხყოფას აყენებს, მხარი მისთვის რომ არ დაეჭირა, ვერ მოხვდებოდა საქართველოს პარლამენტში. ამიტომ არც სამართლებრივი მდგომარეობით, არც მორალურად, ბუნებრივია, იგი არ წარმოადგენს საზოგადოებას საქართველოს პარლამენტში.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებული აქვს, რომ თუ პარლამენტის წევრის მიმართ დგება უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში, ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რეპუტაციის დაცვას და სხვას არაფერს”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.