„მოგვენატრებით, ბატონო ლომერ“ – მაჩაბლის თეატრი სახელოვან კინოოპერატორს ემშვიდობება
კინოოპერატორის, საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, ლომერ ახვლედიანის გარდაცვალებას ცხინვალის თეატრი ეხმიანება.
„კიდევ ერთი უდიდესი ხელოვანი წავიდა ამ ქვეყნიდან… საქართველოს სახალხო არტისტი, კინოოპერატორი, არაჩვეულებრივი პიროვნება და ადამიანი, ბატონი ლომერ ახვლედიანი.
ბატონი ლომერი წლების მანძილზე მუშაობდა ტელეფილმების სტუდიასა და კინოსტუდია „ქართული ფილმის” დამდგმელ ოპერატორად და მის მიერ გადაღებული უამრავი შედევრი ამშვენებს ქართული ფილმების საგანძურს: „ქვევრი”, „მზე შემოდგომისა”, „ნატვრის ხე”, „სამანიშვილის დედინაცვალი”, „მშობლიურო ჩემო მიწავ” , „დონ-კიხოტი”, „ბესამე” და სხვა მრავალი.
არ დაგვავიწყდება, როდესაც ჩვენს თეატრს ახალი შენობა გადმოეცა, ბატონი ლომერი გახარებული მოვიდა ჩვენთან, დაგვათვალიერა, მოგვილოცა მთელი გულით და წარმატებები გვისურვა.
მაჩაბლის თეატრის სახელით, მთელი გულით ვუსამძიმრებთ მის არაჩვეულებრივ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკლისს.
მოგვენატრებით, ბატონო ლომერ“, – აღნიშნულია ცხინვალის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.