“ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო” – თბილისში ამერიკელ ტურისტს ეძებენ
თბილისში რამდენიმე დღეა, ამერიკის მოქალაქეს ეძებენ. ალექს ლოიოსი ახლობლებს ბოლოს 7 თებერვალს დაუკავშირდა. ხოლო 9 თებერვალს ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა ძველ თბილისში შენიშნა, სინაგოგასთან ახლოს. მისი თქმით, ის იყო „ძალიან ცუდ მდგომარეობაში, არ ჰქონდა ფული, ჰგავდა დაკარგულსა და დაბნეულს“.
ინფორმაცია აშშ-ის მოქალაქის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელდება. ალექს ლოიოსის ახლობლების ცნობით, მისი დაკარგვის შესახებ ცნობილია საელჩოსთვისაც.
“სასტუმროში მოვიდა 3 თებერვალს. 3-დან 7 თებერვლამდე სულ ნომერში იყო, არ გამოდიოდა. 7-ში ადმინისტრატორმა დამირეკა, რომ სტუმარი გარეთ წევს, ვერ ვაღვიძებთ, რომ შიგნით შემოვიდესო. მე დავავალე, რომ პატრული გამოეძახებინათ. საპატრულომაც რომ ვერ გამოაფხიზლა, გამოვიძახეთ სასწრაფო. მათაც რომ ვერაფერი გააკეთეს, წაიყვანეს კლინიკაში. კლინიკაში გამოაფხიზლეს. მეორე დღეს მოვიდა, თავისი ნივთები გავატანეთ და გავუშვით”, – ამბობს სასტუმროს მეპატრონე, სადაც ალექს ლოიოსი რჩებოდა.
“კვირა” დეტალებს შს სამინისტროში არკვევს და უწყების კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.