გიორგი ვაშაძე: მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ დეპუტატს, აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და ვიმუშაოთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ დეპუტატს, აქტიურად უნდა ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და ვიმუშაოთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, – აღნიშნული კომენტარი „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
მისი თქმით, სრული მხარდაჭერა აქვთ დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ სწრაფად მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები.
„ჩვენ ხომ ყველას გვესმის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ნამდვილად არ უნდა „ქართულ ოცნებას“ და რატომ? რადგან ამით უფრო მრავალფეროვანი ხდება პოლიტიკური ცხოვრება, რადგან ვერ იქნება ერთპარტიული მმართველი, როგორიც დღეს არის და ასე შემდეგ. ერთია, რას ამბობს კობახიძე და მეორეა, რას ვიზამთ ჩვენ. ამიტომ, უნდა ვიმუშაოთ ამისთვის. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ დეპუტატს, რომ აქტიურად უნდა ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და ვიმუშაოთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები.
გუშინ მქონდა ძალიან ბევრ ელჩთან კომუნიკაცია. სრული მხარდაჭერა გვაქვს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ სწრაფად მოხდეს ცვლილებები. აქედან გამომდინარე, რას ამბობს კობახიძე ერთია და მეორეა, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, ვაიძულოთ ამ მოთხოვნის შესრულება. ისინი ხომ არ უარყოფენ რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას, მიიღებენ, ამიტომ მათ მოუწევთ, რაღა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ჩვენ გვინდა, ეს იყოს ადრე, რომ დავასრულოთ ამ საკითხზე სპეკულაციები“, – განაცხადა ვაშაძემ.
შეახსენებთ, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. შესაბამისი განცხადება მან “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.