ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების პირველ საერთაშორისო ფესტივალს გამართავს

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს პირველად ჩაატარებს.
როგორც ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფესტივალი 2022 წლის 5-9 ოქტომბერს ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა დაწესებულებებში დაცული ყველაზე ძველი კინოდოკუმენტები – ერთი ფილმი ან ფილმების პროგრამა. ღონისძიების მონაწილეებს 15-წუთიანი პრეზენტაციების გამართვის შესაძლებლობაც მიეცემათ.
ფესტივალის თემატიკა ყოველწლიურად შეიცვლება.
თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და წარსადგენ ფილმთან დაკავშირებული მასალა უნდა გამოაგზავნონ 2022 წლის 1 ივლისამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: TIAFF@archives.gov.ge ან მატერიალური ფორმით მისამართზე: საქართველოს ეროვნული არქივი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველო 0160.
ფესტივალის შესახებ დამატებით ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saarkivo-filmebis-festivali-1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები