მხატვარი გივი თოიძე გარდაიცვალა

89 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი გივი თოიძე. ინფორმაციას საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის სახელით გურამ ცერცვაძე ავრცელებს.
ფერმწერი გივი თოიძე დაიბადა 1932 წლის 18 დეკემბერს თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. .
არჩეული იყო საქართველოს მხატვართა კავშირის მდივნად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში. 1995 წლიდან კი პროფესორი იყო.
უნდა აღინიშნოს მისი ნამუშევრები – „ზამთარი”, სერია მოგზაურობის თემებზე – „მეთევზეები”, „ხევსურეთი”, „მთათუშეთი”; ქალაქური პეიზაჟები – „ძველი თბილისი”, „ნარიყალა”. 1972-73 წლებში იმოგზაურა პარიზში, იტალიაში, ესპანეთში, უნგრეთში, ბულგარეთში. ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა ტილოები: „მონმარტრი”, „სენის სანაპირო”, გრაფიკული ჩანახატები.
სურათი – „მარჯვე ნადირობა” ინახება მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, ხოლო „მთიული მშრომელები” – მოსკოვის აღმოსავლეთის კულტურის მუზეუმში.
1981 წელს დიმიტრი გულიას სახელობის ბიჭვინთის ლიტერატორთა სახლის კონფერენცდარბაზის ფერწერული პანოსათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
1999 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები