საქართველო – ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ევროპული კინობაზრობის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი წელს მეჩვიდმეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს, სადაც ინდუსტრიული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი კინოცენტრის დირექტორის – გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით.
როგორც ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პანდემიის გამო ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება. 10-17 თებერვალს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა – European Film Market, ხოლო 10-20 თებერვალს ბერლინის კინოთეატრებში გაიმართება ფესტივალის ყველა ტრადიციული სექციის, მათ შორის საერთაშორისო კონკურსის, პანორამის, ფორუმის, რეტროსპექტივის ფილმების ჩვენება.
ევროპულ კინობაზარზე ეროვნულ კინოცენტრი წარადგენს სამ ქართული სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს:
„სამურაი დასვენების ჟამს” – რეჟისორი ლევან თუთბერიძე (საქართველო) – 13 თებერვალი, 12:40 საათი, Virtual Cinema 3;
„მშვენიერი ელენე” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი (საქართველო, საფრანგეთი, თურქეთი) 14 თებერვალი, 15:00 საათი, Virtual Cinema 23;
„ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში (საქართველო, ლიეტუვა) – 15 თებერვალი, 12:40 საათი, Virtual Cinema 6;
ფილმების ჩვენებების გარდა, საქართველოს ვირტუალურ პავილიონში ონლაინ გაიმართება შეხვედრები გაყიდვების აგენტებთან, დისტრიბუტორებთან და კანის, მონპელიეს, კარლოვი-ვარის, კოტბუსის და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.
ონლაინშეხვედრებს კინოცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება 10 ქართველი პროდიუსერი, რომლებიც ბერლინის კინოფესტივალზე მონაწილეობისთვის კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ: ქეთი კალანდარიშვილი, ქეთი დანელია, რატი ონელი, თიკო ნადირაშვილი, თეკლა მაჭავარიანი, ვლადიმერ კაჭარავა, ელია ფარსადანიშვილი, ელენე მარგველაშვილი, დათო ისაკაძე, გიორგი მუხაძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ბერლინის კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციაში სახელწოდებით – „წიგნები ბერლინალეზე“, რომელიც სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების სამომავლო ეკრანიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, 10 წიგნს შორის წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი „უკმარი სინათლე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები