კახა ლაბუჩიძე პროფესიულ კოლეჯებში შეხვედრებს განაგრძობს
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახა ლაბუჩიძე პროფესიული კოლეჯის „სპექტრი”- ს დირექტორთან მათე ტაკიძესთან ერთად, კოლეჯის ადმინისტრაციას და მოსწავლეებს შეხვდა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს ავრცელებს.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, პროფესიული განათლების როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თბილისის საკრებულოსა და მერიისთვის 2018 წლიდან დაწყებული პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“- ს წარმატებით განხორციელება პრიორიტეტულია.
მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შექმნილი პროგრამა მოკლევადიანია და თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი . განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პროგრამაში ჩართული მოქალაქეები შრომის ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნად სპეციალობებს – მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიის და ინფორმაციული ტექნოლოგიის სფეროებს ეუფლებიან. პროგრამის ფარგლებში 4500 მონაწილის გადამზადება მოხდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კოლეჯის კურსდამთავრებულთა 75 პროცენტზე მეტი დასაქმებულია სხვადასხვა სპეციალობით. პროფესიული კოლეჯის დირექტორის განცხადებით, “სპექტრი” მემორანდუმების ფარგლებში თანამშრომლობს 300-მდე კომპანიასთან. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს სექტორის მოთხოვნების გათვალისწინებით, მუდმივად ხდება გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების დამატება.
მიმდინარე პერიოდისთვის, კოლეჯში არის 28 გრძელვადიანი სახელმწიფო პროფესიული პროგრამა, აქედან 3 არის დუალური, 3 ინტეგრირებული და 22 მოდულური. მათე ტაკიძის განცხადებით, კოლეჯი თანამშრომლობს არა მარტო პროფესიულ სასწავლებლებთან, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, არამედ დამსაქმებლებთან, რომელთა დახმარებით, კურსის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სხვადასხვა კომპანიებში საქმდებიან.
შეხვედრაზე, მხარეებმა პროფესიული კოლეჯის განვითარების ტენდენციებზე ისაუბრეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ურთიერთთანამშრომლობა, პროგრამული პრიორიტეტების დასახვა, ახალგაზრდების ინფორმირება პროფესიული განათლების კუთხით და სამომავლო პიარ-სტრატეგიის შემუშავება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კოლეჯს აქვს განუსაზღვრელი რესურსი პროფესიული გადამზადების თვალსაზრისით და საჭიროა საზოგადოებაში მისი მაქსიმალური პოპულარიზაცია. რაც მთავარია, პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და როლზე მოსახლეობის სათანადო ინფორმირება აუცილებელია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუნიციპალური თანადაფინანსებით შექმნილი პროექტი „ისწავლე და დასაქმდი“ საუკეთესო პლატფორმაა ქვეყანაში კვალიფიციური კადრების გადასამზადებლად და დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად.