,,ბეტონისა და გოგირდის ქალაქი“ – გოგა ჯაფარიძის გამოფენა გაიხსნება
11 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გოგა ჯაფარიძის გამოფენა – „,ბეტონისა და გოგირდის ქალაქი“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ნახავს გოგა ჯაფარიძის მიერ, 2019-2020 წლებში, უმეტესწილად პანდემიის პერიოდში შექმნილ 25 ფერწერულ ნამუშევარს და ინსტალაციას „ახალი თბილისის“ თემაზე.
„ავტორმა ამ თემის განწყობა სოციალური შიშის, მდუმარებისა და განმარტოების მდგომარეობად შეაფასა. როგორც თავად ამბობს, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ბეტონის ბლოკების უსახურ არქიტექტურაში აღმოაჩენდა ესთეტიკას. ამ ციკლში მისი მხატვრული კვლევის მიზანია ე.წ. „ახალი თბილისის“ წარმოჩენა, რომელიც საბჭოთა ეპოქაშია შექმნილი და რომელსაც მხატვარი კარგად იცნობს. სერიაში ორი აქცენტი კეთდება: ფაქტობრივად, ყოველ სურათში გვხვდება რომელიმე კონკრეტული მისამართი თბილისის ახალი უბნებიდან და ყოველ კონკრეტულ მისამართთან მხატვრის ბიოგრაფიის რომელიმე ემოციური მონაკვეთია დაკავშირებული.
გოგა ჯაფარიძე იკვლევს, თუ რამდენად არის შესაძლებელი მხატვრული კლასიკური საშუალებების გამოყენებით, ნამუშევარი თანაბრად იყოს დოკუმენტურად ზუსტი და ამავე დროს, ეს „ჟურნალისტურ-ობიექტური“ ფოტო-დოკუმენტურობა, ემოციურ და ლირიკულ განწყობას ქმნიდეს.
პროექტი „ბეტონისა და გოგირდის ქალაქი“ ახალი ხედვით წარმოაჩენს გოგა ჯაფარიძის ,,ახალ თბილისს“, რომელიც ამ ქალაქის მკაცრ მეტაფორებს გვიჩვენებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოფენა 5 მარტამდე გაგრძელდება.
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.