დავით ნარმანია: ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის
„სემეკის“ თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
„მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, გუშინ ბრიფინგი გააკეთა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა. ძალიან სასაცილო ხალხია, რბილად რომ ვთქვა. როცა კომისიის ხელმძღვანელი გამოდის და დაბეჯითებით ამბობს იმას, რომ ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის და კიდევ ბრიფინგს აკეთებ – არიქა, ხალხო, მივიდეთ მარეგულირებელ კომისიასთან, თორემ ტარიფები იზრდებაო – არ ვიცი, რას ემსახურება.
რატომღაც ჰგონიათ, რომ ამით ხალხს მოატყუებენ და დამატებით ხმებს და პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებენ. კოტრდება ეს ხალხი, ვგულისხმობ „ლეიბორისტულ პარტიას“ და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას და მაინც ებღაუჭებიან იმას, რომ ვიღაცების ხმებს ასეთი აბსურდული განცხადებებით მიიღებენ. ხალხი ძალიან გონიერი და ბრძენია.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის და ნუ შეწუხდებით, მეგობრებო, ნუ მოხვალთ მარეგულირებელი კომისიის ოფისთან, ამით ვერაფერს მიაღწევთ, ვერც ხმებს მიიღებთ,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.