„ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების ისტორიაში“ – 104 წლის უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წელი  შეუსრულდა.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტის იუბილეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  საუკუნეზე მეტი ხნის წინ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში განათლების პირველი კერა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების ისტორიაში.
„დაარსებიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განუზომელ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში – მას დაკისრებული აქვს არა მხოლოდ მეცნიერების განვითარების, არამედ თაობების აღზრდის და ამ ნიადაგზე საზოგადოების ფორმირების უმნიშვნელოვანესი მისია.
უმდიდრესი სამეცნიერო ტრადიციების მქონე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამეცნიერო მიმართულებით მაღალი თამასა უჭირავს, რასაც ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტი დიდ როლს ასრულებს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
განათლების მინისტრის თქმით, დღევანდელი დღე კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლების, ქართველი ერის წინაშე მათი უმნიშვნელოვანესი ღვაწლის  პატივგების დღეა.
„მთელი გულით ვულოცავ საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეული წევრს: სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, თანამშრომლებს, კურსდამთავრებულებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილეს და მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეში“, – განაცხადა ჩხენკელმა.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში. 1989 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
104 წლის წინ, სამ ოთახში, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის 369 სტუდენტითა და 89 მსმენელით დაიწყო საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში – დაარსდა ტფილისის უნივერსიტეტი, რომელსაც უნდა დაეკმაყოფილებინა ქართველი ხალხის „ლტოლვა სინათლისადმი, ცოდნის წყურვილი და ჭეშმარიტების სიყვარული“.
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ უმაღლესი განათლების ფლაგმანია. მის 30-მდე კორპუსში, მათ შორის 12 სასწავლო კორპუსში, 7 ფაკულტეტის 240 საგანმანათლებლო პროგრამაზე, 25 ათასი სტუდენტი სწავლობს და 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები