ტოკიოში ქართული ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს

იაპონიის დედაქალაქში ქართული ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოთეატრი – „ივანამი ჰოლი“  თებერვლის თვეში მაყურებელს 34 ქართულ ფილმს უჩვენებს.
პროგრამა შედგენილია ტაკეჰიდე ჰარადას, იაპონიის საელჩოსა და ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით.
იაპონელი მხატვარ-ილუსტრატორი ტაკეჰიდე ჰარადა  დაიბადა 1954 წელს  ტოკიოში. 44 წლის განმავლობაში იყო ტოკიოს კინოთეატრ „ივანამი ჰოლის” თანამშრომელი. მისი ინიციატივით, იაპონელმა მაყურებელმა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე ფილმი იხილა, მათ შორის – ქართულიც. 2018 წელს ხელოვანმა მოაწყო ქართული კინოს ფესტივალი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 1978 წელს ტაკეჰიდე ჰარადა ჩართული იყო გიორგი შენგელაიას ფილმის „ფიროსმანის” იაპონურ პრემიერაში. 24 წლის ასაკში იგი ისე მოიხიბლა ამ ფილმით და იმდენად დაინტერესდა მხატვრის ცხოვრებითა და შემოქმედებით, რომ მას შემდეგ ფიროსმანი არასოდეს გამქრალა მისი შემოქმედებიდან. ჯერ კიდევ კინოინდუსტრიაში მუშაობის პარალელურად, ტაკეჰიდე ჰარადა ქმნიდა ილუსტრაციებს წიგნებისთვის, 2019 წლიდან კი მთლიანად გადაერთო შემოქმედებით საქმიანობაზე.
მისი ნამუშევრები შარშან სიღნაღის მუზეუმში იყო წარმოდგენილი.
ტოკიოში მიმდინარე ქართული ფილმების პროგრამის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
https://georgiafilmfes.jp/?fbclid=IwAR0uZEL10HZLCW89gOQjC8dJ83LNWaOfRlSFfwvItRXQiDrpAa1JroHguk8

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები