დავით ნარმანიამ განმარტა, სამუშაო ჯგუფის მიერ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, რამდენი ლარით დაჯარიმდებიან „თელასი“ და „თელმიკო“
გასულ წელს ჩვენ ორივე კომპანია, როგორც „თელასი“, ისე „თელმიკო“ დავაჯარიმეთ და ამ გადაწყვეტილებით ჩვენ მათ მივუთითეთ, რომ მსგავსი დარღვევის განმეორებით აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმაც იქნებოდა გაორმაგებული, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არასწორი დარიცხვებისა და ქვითრის გაგზავნასთან დაკავშირებული დარღვევები დადგინდება, „თელასი“ და „თელმიკო“ დაჯარიმდებიან.
„თუ სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება დარღვევების აღმოჩენა და დადასტურება, „თელმიკოსა“ და „თელასისთვის“ მოხდება ორმაგი ჯარიმის დაკისრება, რაც „თელასისთვის“ ითვალისწინებს 50 ათასი ლარის გაორმაგებული, 100 000 ლარით დაჯარიმებას, ხოლო „თელმიკოსთვის“ ითვალისწინებს 75 000 ლარის გაორმაგებული რაოდენობით, ანუ 150 ათასი ლარით დაჯარიმებას. რაც შეეხება ამ კომპანიებისთვის ლიცენზიის შესაძლო ჩამორთმევის საკითხს, ეს ერთ-ერთი ყველაზე უკიდურესი ფორმაა. როდესაც ძალიან მასშტაბურ დარღვევებს ექნება ადგილი და სალიცენზიო პირობების დარღვევას, ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობა ამას ცნობს, თუმცა ამ ეტაპზე არ მგონია, რომ ამის საჭიროება იყოს. დაველოდოთ სამუშაო ჯგუფს, რომელიც დღეს შეუდგა გასვლით სამუშაოებს კომპანიებში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.