„ექიმის პანდემიური ყოფის 2 წელი“ – ინფლუენსერებმა და ექიმებმა განვლილი პერიოდი შეაჯამეს

„Influencer.ge“-სა და ფარმაცევტული კომპანია „IP Group“-ის ორგანიზებით, ინფლუენსერებმა და ექიმებმა Covid-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებაზე ერთობლივად იმსჯელეს. ღონისძიების – „ექიმის პანდემიური ყოფის 2 წელი“ – ფარგლებში, მედიცინის სხვადასხვა დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და იმ ადამიანებს, რომლებიც გაურკვევლობაში იმყოფებიან, კიდევ ერთხელ მოუწოდეს ვაქცინაციისკენ.

დისკუსიაზე, რომელსაც რესტორანმა „რობერომ“ უმასპინძლა, პანდემიასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის: პანდემიის გამომწვევი მიზეზები, შედეგების მართვის პროცესი, პანდემიასთან თანაცხოვრების მეთოდები და მომავლის შესაძლებლობები.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო კომპანია „ქოლგასა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი – „პანდემია, ისტორია და მსოფლიო“, რომელიც, ვაქცინაციის წახალისების გარდა, საკითხის ისტორიულ კონტექსტში განხილვას ისახავს მიზნად.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული გამოფენა და დისკუსია ვითარების უკეთ გააზრებას და პანდემიასთან დაკავშირებით, მომავლის უკეთ დაგეგმვას შეუწყობს ხელს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გამოფენა გრძელდება. ამჯერად მას შესანიშნავი სივრცე მასპინძლობს. მოწვეული არიან სამედიცინო სფეროს სპეციალისტები. იმედია, ეს გამოფენა და დისკუსია დაგვეხმარება კარგად გააზრებასა და ხვალინდელი დღის დაგეგმვაში,“ – აღნიშნა მირიან ხოსიტაშვილმა.

გამოფენის გაცნობის და პანდემიური ისტორიის მოკლე ლექციის მოსმენის შემდეგ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმის საღამო შედგა. საღამოს ორგანიზატორების თქმით, ექიმები სამედიცინო დაწესებულებისა და თეთრი ხალათის გარეშე სულ სხვანაირები აღმოჩნდნენ.

„შეხვედრას უძღვებოდა ტელეჟურნალისტი თამარ გოგელიძე. იქ მყოფი ექიმებისთვის კიდევ უფრო გაადვილდა ყოფით სამედიცინო საკითხებზე ასე კითხვა-პასუხის რეჟიმში დიალოგი, თანაც პირადი გამოცდილებებით. გარდა ექიმობისა, ისინიც აღმოჩნდნენ პაციენტები ამ კოვიდ ხანაში და ახლა სულ სხვანაირი პასუხები აქვთ. დაუგროვდათ პასუხგაუცემელი კითხვებიც. ასეთი ფორმატის შეხვედრა ექიმებმა იმდენად მოიწონეს, რომ ეს აუცილებლად გაგრძელდება. ადამიანები მათთვის პოპულარულ ენაზე უფრო იოლად გაიგებენ, რა უნდა ქნან, როგორ უნდა მოიქცნენ, რატომ უნდა აიცრან და რა იქნება აუცრელობის შემთხვევაში. მოწვეული ექიმების ავტორიტეტი და გამოცდილება ნამდვილად პატივსაცემია ჩვენი მოსახლეობისთვის, უბრალოდ, ისინი არ ან ვერ ჩანან ასე ხშირად ტელევიზიებით. პაციენტისკენ სავალი გზა მათთვის ასე უფრო კომფორტული აღმოჩდა,“- აცხადებენ ორგანიზატორები.

საღამოს ორგანიზატორებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ყველა მოწვეულ ექიმს აღებული პასუხისმგებლობისთვის და გვერდით დგომისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ: სოსო კობახიძე (დერმატო-ვენეროლოგი), ნატა გაგუა ( ექიმი ნუტრიციოლოგი), ჟუჟუნა თალაკვაძე ( მეან-გინეკოლოგი), ირაკლი პაპასქუა ( ანგიოლოგი, პლასტიკოსი), დავით მაღრაძე ( ქირურგი, ყელ-ყურ-ცხვირი), გოჩა ჩუტკერაშვილი(ნეირო ქირურგი), ვახტანგ ქაცარავა ( ქირურგი,პულმონოლოგი) კახა ვაჭარაძე (პულმონოლოგი, ფთიზიატრი), ზვიად ბახუტაშვილი (ქირურგი, კარდიოლოგი), ნინო ოკრიბელაშვილი (ფსიქიატრი), თამარ მაკარიძე (ენდოკრინოლოგი), ქეთევან ჯანყარაშვილი (მამოლოგი), მამუკა მაკარიძე (ნევროლოგი), ირაკლი სიხარულიძე (მამოლოგი, ქირურგი).

შეხვედრა დადებითად შეაფასა ექიმმა და მეცნიერმა, ზვიად ბახუტაშვილმა. მისი თქმით, მსგავსი ღონისძიება მოსახლეობისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად კარგი საშუალებაა.

„მე მოხარული ვარ ამ შეხვედრით. არა იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვსაუბრობთ, არამედ იმიტომ, რომ ეს შეიძლება გამოდგეს მოდელად, თუ როგორ მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია. ცოცხალი მაგალითებით შესაძლებელია ადამიანებს დავაჯეროთ, რომ ეს არ არის საშიში,“ – განაცხადა ბახუტაშვილმა.

ზვიად ბახუტაშვილი

როგორც კომპანია „Influencer.ge-ს“ დამფუძნებელმა, სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტმა, ნინა პერტენავამ აღნიშნა, დისკუსიის ფარგლებში, შეხვედრის მონაწილეებმა შეიტყვეს აქამდე გაუჟღერებელი არაერთი საინტერესო ისტორია, რომელიც ვაქცინაციის აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
„ჩვენ შევაჯამეთ პანდემიური ორი წელი ექიმებისთვის და მოვისმინეთ უამრავი საინტერესო ისტორია, რომელიც ნამდვილად არ ვიცოდით, არსად გაჟღერებულა და არავის მოუყოლია. ვითარება გაცილებით რთულად არის, ვიდრე ჩვენ გვეგონა. აქედან გამომდინარე, აცრას ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საინფორმაციო კამპანია და ხალხს გავაგებინოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენ დღეს აქ მოვისმინეთ,“ – განმარტა ნინა პერტენავამ.

ფარმაცევტული კომპანია „IP Group-ის“ დირექტორის, ქეთი კაკაბაძის აზრით, მთელ ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საზოგადოებამდე სწორი მესიჯების მიტანაა, რასაც ამ ღონისძიებამაც შეუწყო ხელი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი მესიჯები მივიდეს საზოგადოებამდე, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბნეულია და არ იცის, როგორ მოიქცეს. ჩვენი მეშვეობით, ამ საღამომ მიიტანა პოზიტიური ინფორმაცია იმ ადამიანებამდე, რომლებიც დღეს ისევ სვამენ კითხვას – აიცრან თუ არა პანდემიის პირობებში,“ – განაცხადა ქეთი კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები