,,ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამა – საფრანგეთში უმაღლესი განათლების მიღების საუკეთესო შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის’’ – ინტერვიუ პიერ კლუესთან
2022 წლის 10 იანვრიდან განათლების საერთაშორისო ცენტრმა, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან და ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად, დაიწყო სტუდენტთა განაცხადების მიღება ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.
კონკურსის გამარჯვებულ სტუდენტებს, საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე, სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა მიეცემათ (ფრანგულ, ან ინგლისურენოვან პროგრამებზე).
სასტიპენდიო პროგრამის მიზნებისა თუ საკონკურსო პროცედურების შესახებ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრჩეველს კულტურულისა და თანამშრომლობის საკითხებში – ბატონ პიერ კლუეს ვესაუბრეთ:
ბატონო პიერ, რას ითვალისწინებს ,,ქართულ-ფრანგული’’ სასტიპენდიო პროგრამა და რომელი ორგანიზაციები ახორციელებენ აღნიშნულ პროგრამას საქართველოში?
,,ქართულ-ფრანგული’’ სასტიპენდიო პროგრამა გახლავთ ორი ქვეყნის, საქართველოსა და საფრანგეთის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი. როგორც იცით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის – საგანმანათლებლო მიმართულებით, ასე მაგალითად, 2016 წლიდან, საფრანგეთის საელჩოს, კამპუს ფრანსსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის და მის ფარგლებში, ყოველწლიურად, 15-მდე საუკეთესო ქართველ სტუდენტს ეძლევა შანსი სწავლა გააგრძელოს სამაგისტრო საფეხურზე საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, სხვადასხვა მიმართულებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა აფინანსებს არამხოლოდ ფრანგულენოვან, არამედ ინგლისურენოვან პროგრამებზე ჩარიცხულ კანდიდატებსაც. თუმცა, ფრანგული ენის ცოდნა და ფრანგული კულტურის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვანია ფრანგული მხარისათვის.
როგორია პროგრამის ვადები და პროცედურები?
,,ქართულ-ფრანგულ’’ სასტიპენდიო პროგრამაში განაცხადების მიღება 10 იანვარს დაიწყო და 10 თებერვლის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით) მიმდინარეობს. სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შემდეგი აკადემიური წლისთვის სწავლა განაგრძონ საფრანგეთში, სამაგისტრო საფეხურზე, ჯერ კიდევ აქვთ შანსი ელექტრონული განაცხადი ატვირთონ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე: iec.gov.ge.
პარალელურად, სტუდენტებმა უნდა იზრუნონ, რომ ჩაირიცხონ ფრანგულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, რისთვისაც ისინი, ასევე უნდა დარეგისტრირდნენ ახალ ელექტრონულ პლატფორმაზე: ,,Etudes en France”- https://pastel.diplomatie.gouv.fr/…/authenti…/login.html.
ახალი პლატფორმა კანდიდატებს ეხმარება სწრაფად და გამარტივებული წესით, უფრო კონკრეტულად კი, ერთი სააპლიკაციო ფორმით 7 სასურველ პროგრამასა და უნივერსიტეტში გააგზავნონ განაცხადი.
რა სახის დაფინანსებას ითვალისწინებს სტიპენდია და რას სთავაზობს ფრანგული უნივერსიტეტები საქართველოს მოქალაქეებს?
სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს:
· 5000 ევრომდე სწავლის საფასურის დაფინანსებას;
· ყოველთვიურ სტიპენდიას 767 ევროს ოდენობით 10 თვის განმავლობაში და დაფინანსების გაგრძელებას მაგისტრატურის მეორე წელზე – მისი აკადემიური შედეგების გათვალისწინებით;
· ბინას საუნივერსიტეტო რეზიდენციაში;
· ჯანმრთელობის უფასო დაზღვევასა და უფასო სავიზო მომსახურებას.
ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისთვის, კამპუს ფრანსი მათ ეხმარება სხვადასხვა ფორმალობის მოგვარებაში როგორც საქართველოდან გამგზავრებამდე, ასევე ადგილზე ჩასვლისას, ხელს უწყობს მათ ახალ გარემოსთან ადაპტაციასა და სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.
· რას ურჩევდით პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს?
ქართველ სტუდენტებს ვურჩევდი, რომ გამოიყენონ შანსი და ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რასაც ორი ქვეყნის მთავრობა სთავაზობს მათ, რასაც საფრანგეთი სთავაზობს ყველა უცხოელ სტუდენტს: საუკეთესო უნივერსიტეტებს, საუკეთესო აკადემიურ პროგრამებს და დაუვიწყარ, კულტურულად და ინტელექტუალურად მდიდარ სტუდენტურ ცხოვრებას.
მე ვურჩევ ჩვენს არაჩვეულებრივ ქართველ სტუდენტებს და ახალგაზრდებს, რომ არ დაზოგონ ძალისხმევა, მიიღონ საუკეთესო განათლება და გამოცდილება, შემდეგ კი თავიანთი ცოდნა მოახმარონ საქართველოს განვითარებას და უკეთეს მომავალს, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას აკადემიური, სამეცნიერო, ეკონომიკური თუ კულტურული მიმართულებით.