თამარ ბარკალაია: ელექტროენერგიის სუბსიდიას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს ყველა, ვისი სარეიტინგო ქულაც 15 000 და ნაკლებია
სუბსიდირებას სრულიად საქართველოს მოსახლეობა მიიღებს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, იმ შემთხვევაში, თუ მათი სარეიტინგო ქულა 15 000 და ნაკლებია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„ელექტროენერგიის სუბსიდია პრემიერმინისტრის ინიციატივაა. ოჯახების რაოდენობა, რომელიც დღეს რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მათი ქულა 150 000 და ნაკლებია, ამ ეტაპზე, 310 000-ს შეადგენს. ჯამურად, ამ ოჯახებში 1 000 000-მდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს.
სწორედ ამ ერთ მილიონ ადამიანს დაუსუბსიდირდება ელექტროენერგია 3 თეთრნახევარი თითო კილოვატზე იმ შემთხვევაში, თუ მოხმარება თვეში 200 კილოვატს არ გადააჭარბებს. ეს სუბსიდია 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება და წლის ბოლომდე იმოქმედებს. სუბსიდირება საქართველოს მასშტაბით მოხდება, თუმცა, ზამთრის თვეების განმავლობაში თბილისის მუნიციპალური ბიუჯეტიდან ანალოგიური დაფინანსება ხორციელდება, შესაბამისად, ცენტრალური ბიუჯეტი გააგრძელებს და აიღებს ამ პასუხისმგებლობას მას შემდეგ, რაც სუბსიდირება მუნიციპალური ბიუჯეტიდან შეწყდება. სრულიად საქართველოს მოსახლეობა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, მიიღებს სუბსიდირებას იმ შემთხვევაში, თუ მათი სარეიტინგო ქულა 150 00 და ნაკლებია“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.