სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა
კულტურის სამინისტროს განცხადებით, სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. საუბარია ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრებზე.
ზესტაფონის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი გასული წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა. კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს სამი კანდიდატურა – რეჟისორები დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია წარუდგინა. სამინისტროს ინფორმაციით, საბჭომ გადაწყვიტა, ზესტაფონის თეატრში დასანიშნად სამინისტროს არ წარედგინოს არც ერთი კანდიდატი, “ვინაიდან წარმოდგენილ კანდიდატთაგან ვერც ერთმა საბჭოს სხდომაზე ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა”.
თუმანიშვილის თეატრში ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი 20 იანვარს გამოცხადდა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაში სამინისტროში არც ერთი საკონკურსო განაცხადი არ შემოსულა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გასული ოთხი წლის განმავლობაში გიორგი სიხარულიძე იყო. შესაბამისად, მოცემულ თეატრშიც სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
რაც შეეხება ქუთაისის თეატრს, მოცემულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა 6-მა კანდიდატმა – თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კონსტანტინე აბაშიძემ, ამავე თეატრის მსახიობმა – მაია სამანიშვილმა და რეჟისორებმა: გიორგი ჩალაძემ, ზაზა კიკნაველიძემ, მიხეილ ჩარკვიანმა და საბა ასლამაზიშვილმა.
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონსტანტინე აბაშიძის შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელია გასული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში, რაც ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელისთვის კონკურსის ფარგლებში სავალდებულოა წარსადგენად.
“რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტიული რეჟისორია, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა იმის დასაბუთებულ მოლოდინს, რომ ისინი, კარიერის მოცემულ ეტაპზე, შეძლებენ ისეთი მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციის მქონე სახელოვნებო დაწესებულებისა და ერთ-ერთი დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვას, როგორიც არის ქუთაისის დრამატული თეატრი”, – განმარტავენ სამინისტროში.