ქეთი კოვზიაშვილი: 2012 წელს დარეგისტრირდა ყაჩაღობის 326 ფაქტი და მათგან გაიხსნა 45,4%, ხოლო 2021 წელს ყაჩაღობის 154 ფაქტი დაფიქსირდა და გახსნის მაჩვენებელი 80,5%-ია

“2021 წელს საქართველოში სულ დარეგისტრირდა 56 343 დანაშაული, რაც 2020 წელთან მიმართებაში, ასევე 2019 წელთან მიმართებაში დაკლებულია. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი 35,5%-იდან 49,8%-მდე გაიზარდა,” – წერს სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კოვზიაშვილი.

“სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროაქტიურად აქვეყნებს, როგორც ყოველი თვის ბოლოს, ისე რაღა თქმა უნდა, წლის ბოლოს შეჯამებულს. მოკლედ დავწერ ძირითად მიმართულებებს, ვისთვისაც რთულად წასაკითხი ან აღსაქმელია დანაშაულის სტატისტიკა.

დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2021 წელს მნიშვნელოვნადაა მომატებული. შედეგი პროცენტებში ასე გამოიყურება: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 35,5 % -დან 49,8%- მდე გაიზარდა.

მთლიანობაში, 2021 წელს საქართველოში სულ დარეგისტრირდა 56 343 დანაშაული, 2020 წელთან მიმართებაში, ასევე 2019 წელთან მიმართებაში მონაცემი დაკლებულია და ამის შესახებ ინფორმაცია შსს ოფიციალურ მონაცემებშია გამოქვეყნებული.

რა თქმა უნდა, გარკვეულ დანაშაულების მატება არის თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში სტაბილურად იკლებს ისეთი დანაშაულის რაოდენობა, როგორიც არის ქურდობა – 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, დაიკლო 2 202 ფაქტით (10%-ით). ქურდობების ფაქტის სტატისტიკური მაჩვენებელი დაკლებულია 2021 წელსაც, როგორც 2020 წელთან (1 031 ფაქტით), ასევე 2019 წელთან შედარებით (-3 233 ფაქტით), ამასთან 2021 წელს ქურდობის გახსნის მაჩვენებელი 22%-დან გაზრდილია 34%-მდე.

მნიშვნელოვნად იკლო ბინიდან ქურდობების მაჩვენებელმაც. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ბინიდან ქურდობების ფაქტების რაოდენობა დაკლებულია 30%-ით. მაჩვენებლები ასევე დაკლებულია 2021 წელს, როგორც 2020 წლის, ასევე, 2019 წლის იგივე საანგარიშო პერიოდებთან შედარებით. ასევე მომატებულია ბინიდან ქურდობების გახსნის სტატისტიკური მაჩვენებელი.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით ყაჩაღობების რაოდენობამ დაიკლო 28,4%-ით.

ბოლო რამდენიმე წელია რეგისტრირებული ძარცვების მაჩვენებელი სტაბილურად იკლებს. კერძოდ, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით (2019 წელს) დაიკლო 28%-ით. ძარცვის ფაქტები დაკლებულია 2021 წელსაც, როგორც 2020 წლის, ასევე, 2019 წლის იგივე საანგარიშო პერიოდებთან მიმართებაში.
აქვე მნიშვნელოვანია რომ კლება არის ისეთ მძიმე დანაშაულში როგორიც არის მკვლელობა (108-ე,109-ე მუხლები) ჯამში 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით აღნიშნული დანაშაული შემცირებულია 10,4 % – ით.

P.S. თვალსაჩინოებისთვის უმნიშვნელო შედარებას გავაკეთებ: 2012 წელს დარეგისტრირდა ყაჩაღობის 326 ფაქტი და გაიხსნა 45,4% , ხოლო 2021 წელს 154 ფაქტი და გახსნის მაჩვენებელი 80,5% დაფიქსირდა. რაც შეეხება ქურდობის გახსნის მაჩვენებელს, 2012 წელს ქურდობის მხოლოდ 16% გაიხსნა, 2021 წელს კი 34%” – წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთი კოვზიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები