წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე – ვინ იქნება „წლის წიგნის ქომაგი“?
2 თებერვალს, 19:00 საათზე, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნითი, ონლაინღონისძიება გაიმართება.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, დახურვის ღონისძიებაზე ზვიად კვარაცხელია, ზაალ ჩხეიძე და ანი კოპალიანი ისაუბრებენ თემაზე – „რამდენს ბედავს ლიტერატურა“. იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც შემოქმედებითი და ლიტერატურული პროცესი დგას პანდემიისა და სხვა ტიპის შეზღუდვების პირობებში. დისკუსიის ბოლოს კი საჯაროდ წაიკითხავენ ფრაგმენტებს მათთვის გამორჩეული ლიტერატურული ტექსტებიდან.
ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე, უკვე მეშვიდედ, გამოვლინდება და დაჯილდოვდება „წლის წიგნის ქომაგი“, რომელსაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ ბერიაშვილი და ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, რუსუდან მოსიძე წარადგენენ.