ქართული გალობის რაინდი – ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე)

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი  ექვთიმე აღმსარებელს იხსენებს.  ცენტრმა, ფონდ „ქართულ გალობასა“ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან ერთად, გამოსცა „ქართული გალობის ანთოლოგიის“ ტომეულები. 21 ტომიდან 14 ექვთიმე კერესელიძის ხელნაწერებიდანაა დაბეჭდილი.
„ექვთიმე აღმსარებელი ქართულ საგალობლებს ჯერ კიდევ ერისკაცობაში გაეცნო, ილიას თანამებრძოლ მაქსიმე შარაძესთან ერთად, და „მოიწამლა ქართული გალობით“.
თანამებრძოლების – მაქსიმე შარაძისა და ფილომონ ქორიძის გარდაცვალების შემდეგ, გასული საუკუნის 10-იან წლებში, ეს უზარმაზარი განძი – ქართულ საგალობელთა ნოტები – ექვთიმეს ხელთ აღმოჩნდა. ესტატე (ერისკაცობაში ასე ერქვა) კერესელიძე გელათში ბერად აღიკვეცა და ბერმა ექვთიმემ თავს იდვა ამ კოლოსალური მასალის გადაწერის, სისტემატიზაციისა და მრავალი საგალობლისათვის ხმის შეწყობის ტიტანური შრომა.
ასე განთავსდა 37 წიგნში 5532 საგალობელი, რომელთაც, რუსეთის მიერ საქართველოს მეორედ დაპყრობის (გასაბჭოების) შემდეგ, უდიდესი საფრთხე დაემუქრა. ექვთიმემ, საკუთარი სიცოცხლისა და ზნეობრივი გმირობის ფასად, მარტოდმარტომ საგალობლები ურმით ჯერ სვეტიცხოველში ჩამოიტანა, შემდეგ (1929 წელს) ზედაზნის მონასტრის ეზოში რკინის ყუთით მიწაში ჩაფლა (საგალობელთა გვერდით წინასწარ საფლავიც საკუთარი ხელით გაითხარა)…
თერთმეტი წელი იყო ქართველი ერის მუსიკალური საუნჯე მიწაში. 1940 წელს ექვთიმემ საგალობლები სახელმწიფოს გადასცა. ეს წიგნები დღემდე ინახება კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და თანდათან გამოდის მზის სინათლეზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
2 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღნიშნა. ქართული საეკლესიო გალობის მოვლის, შენახვის, გადარჩენის საქმეში შეტანილი განუზომელი ღვაწლისა და თავდადებისათვის 2003 წელს ქართულმა ეკლესიამ ექვთიმე, ერისკაცობაში ესტატე კერესელიძე, წმინდანად შერაცხა და ექვთიმე აღმსარებელი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები