თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დამაარსებლის, გიორგი მიქელაძის დაბადებიდან 130 წელი გავიდა

დღეს ცნობილი რეჟისორისა და თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დამაარსებლის, გიორგი მიქელაძის დაბადებიდან 130 წელი გავიდა –  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს გიორგი მიქელაძის ღვაწლს ქართული თეატრისა და კულტურის განვითარებაში და ინფორმაციას აქვეყნებს.
„გიორგი მიქელაძის ღვაწლი ქართული თეატრის განვითარებაში ძალიან დიდია. მისი ინიციატივით წლების განმავლობაში არაერთ უმნიშვნელოვანეს თეატრალურ პროექტს დაედო სათავე. 1912 წლიდან ჯერ ბაქოს ქართული თეატრის, ხოლო შემდეგ თბილისის სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში მონაწილეობდა. 1919 წელს თბილისში ჩამოაყალიბა რუსული თეატრი, რომელსაც „თავისუფალი თეატრი” ეწოდებოდა, ხოლო 1922 წელს დრამის სტუდია დააარსა.
გიორგი მიქელაძე 1926 წლიდან იყო ბათუმის დრამის თეატრის მსახიობი. ასევე  – თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელიც, 1928-1933 წლებში გიორგი მიქელაძე ამავე თეატრის რეჟისორიც იყო.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქელაძის ინიციატივით, 1934 წელს თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი დაარსდა. გიორგი მიქელაძე თოჯინების თეატრს მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა, იყო მისი დირექტორი და მთავარი რეჟისორი. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია: გ. როსებას „ცაცო” (1934), ვ. კობელის „წკიპა” (1939), ა. ბელიაშვილის „სვანეთის მთებში” (1945), ლ. ბრაუსევიჩის „ჩექმებიანი კატა” (1953), კ. გოგიაშვილის „ოქროს სალამური” (1963) და არაერთი სხვა“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები