ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი არ გაზრდილა – „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ფაჩულიას განმარტებით, მიმდინარე თვის ბოლოს, თბილისელებს დეკემბერ-იანვარში მიღებული დასუფთავების მომსახურების საფასური ერთიანად დაერიცხათ, რაც უკავშირდება სემეკის გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი უცვლელია და ტარიფი ისევ 2,50 ლარს შეადგენს.
„მინდა გამოვეხმაურო იმ ვნებათაღელვას, თითქოს მოსაკრებლის გადასახადი გაიზარდა ფიზიკური პირებისთვის. თბილისის მოსახლეობას არცერთი თეთრით დასუფთავების მოსაკრებელი არ გაზრდია. ტარიფი იყო 2,50 ლარი და რჩება იგივე. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ განცხადება, აღვწერეთ რა არის ორთვიანი გადასახადის დარიცხვის მიზეზი. ეს უკავშირდება სემეკის დადგენილებას, კერძოდ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის დეკემბრიდან, კომპანია „თელასის“ აბონენტებისთვის დარიცხვა ყოველი თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის იანვარში, კერძოდ კი თვის ბოლოს, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები, მიიღებენ დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს, რომელიც დეკემბერ-იანვარში მიღებული მომსახურების საფასურს ასახავს. გადასახადი, რომელიც მოსახლეობამ დეკემბერში გადაიხადა, იყო ნოემბრის თვის. დარიცხვის სისტემა შეიცვალა და თვის ჭრილში მიუვათ გადასახადი.
ჩვენ ვთხოვეთ „თელასს“ და „თელმიკოს“, თუ მოქალაქე ვერ გადაიხდის იანვრის თვის მოსაკრებელს, მას ელექტროენერგიის მიწოდება არ შეეზღუდოს“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.