გადავლენ თუ არა სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე – თამარ გაბუნიას განმარტება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან ჯერჯერობით არსებობს რეკომენდაცია, რომ სკოლებში სწავლება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს რაიმე განსხვავებული რეკომენდაცია ამ დროისთვის არ გაუცია, თუმცა, როგორც წესი, საბჭო ყოველ ჯერზე მსჯელობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება, მივიღოთ. ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად არსებობს ესა თუ ის საჭიროება.
ბაღებში ონლაინ რეჟიმი არც აქამდე ყოფილა, რანაირად წარმოგიდგენიათ ეს ამბავი? ამ შემთხვევაში საუბარია ჰიბრიდულ მოდელზე სკოლებთან მიმართებით და თუ საჭიროება, აუცილებლობა დადგება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას საბჭო, რა თქმა უნდა, განიხილავს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.