ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელა

2022 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნა. მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობა, მთავარი მიღწევები და გამოწვევები მიმოიხილა, როგორც საკანონმდებლო და საზედამხედველო, ისე საპარლამენტო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელა და შემდგომი ერთი წლის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობის მიმართულებები შეიმუშავა.
კომიტეტის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, გეგმაში ასახულია კომიტეტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო, საორგანიზაციო, საპარლამენტო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები, მათი შესრულების ვადები, ინდიკატორები, ღონისძიებაზე პასუხისმგებელი და მასში ჩართული მხარეები. ამასთან, დოკუმენტი მოიცავს ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტივობებს.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრისას კომიტეტის წევრების მხრიდან განისაზღვრა თემატურად პასუხისმგებელი პირები, განხილული იქნა დარგობრივ კომიტეტებთან და სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის გზები.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა ეყრდნობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს, კომიტეტის დებულებას, ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ასევე სხვა ჩარჩო დოკუმენტებს, რომელთაც კომიტეტის საქმიანობაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის, „ასოცირების შეთანხმების შესრულების მხარდაჭერა”, ორგანიზებით შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები