მეუფე შიო: ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი

“ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი. ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი, აი, ეს არის სულის გადარჩენა”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა.

მისივე თქმით, სულის ცხონება არის ის, როდესაც ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას მარადისობაში ღმერთთან ერთად.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღევანდელ კვირას ეწოდება ბრმის კვირა, როდესაც იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ იერიქონელი ბრმის განკურნების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიაში იწყება დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი, როდესაც წმინდა ეკლესია გვამზადებს დიდი მარხვისთვის, თუ რა განწყობით უნდა შევეგებოთ ამ სარბიელს. წმინდა ეკლესია გადმოგვცემს ყველაზე მთავარს – აზრს ცხოვრებისას, რომ ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი, იგი ამისთვის მივიდა დედამიწაზე, რომ აგვიხილოს სულიერი თვალები. ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი, როგორც თვითონ უფალი იესო ქრისტე ამბობს სამეუფო ლოცვაში: „ეს არის ცხოვრება საუკუნო, რათა გიცნობდნენ შენ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, რომელიც შენ მოავლინე – იესო ქრისტეს“. აი, ეს არის სულის გადარჩენა, სწორედ ეს არის სულის ცხონება – ხედვა და შეცნობა ღვთისა. მაგრამ ამისთვის საჭიროა, გვქონდეს ისეთივე მისწრაფება, როგორიც ჰქონდა აი, ამ იერიქონელ ბრმას, ისეთივე სინანული, გაცნობიერება ჩვენი სულიერი სიბრმავისა და ვედრება უფლისადმი, რომ შეგვიწყალოს და აგვიხილოს სულიერი თვალები. ვიმეორებ, ამის გარეშე ადამიანის ცხოვრებას, მარადისობის თვალსაზრისით, ღვთის თვალსაზრისით, აზრი აღარ აქვს, რადგან ეს არის მთავარი აზრი ცხოვრებისა. სხვაგვარად, თუ ჩვენ ჩვენივე სიცოცხლეში არ მივაღწევთ ამას, მაშინ, ვიმეორებ, აზრს კარგავს ჩვენი ცხოვრება. შეიძლება მიწიერ ცხოვრებაში მივაღწიოთ წარმატებას სხვადასხვა დარგში, მოვასწროთ გარკვეული სიკეთის გაკეთებაც ვიღაცისთვის, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრებისთვის და ჩვენი სახელი დარჩეს შთამომავლობაში. ესეც კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სულის გადარჩენისთვის, იმიტომ რომ სულის გადარჩენა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შენი სახელი ახსოვდეთ მომავალ თაობებს, არამედ სულის ცხონება არის ის, როდესაც ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას მარადისობაში ღმერთთან ერთად.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა აგვიხილოს ჩვენ ჩვენი სულიერი თვალები. დღევანდელი სახარებით წმინდა ეკლესია სწორედ ამას გვასწავლის, თუ როგორ მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება, როგორ ვიცხოვროთ, რა ვიწამოთ, რისკენ ვისწრაფოდეთ, იმისთვის, რომ აგვეხილოს ჩვენი სულიერი თვალი და ვიხილოთ, შევიცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი და მის მიერ მოვლენილი უფალი იესო ქრისტე, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები