მიხეილ სარჯველაძე – “ამ რეზოლუციის მიღება, რეალურად, საფრთხეების თავიდან აცილებისკენ გადადგმული ნაბიჯია”
“ამ რეზოლუციის მიღება, რეალურად, საფრთხეების თავიდან აცილებისკენ გადადგმული ნაბიჯია. აბსოლუტურად გააზრებული და ყველა სიტყვა აწონილ-დაწონილია რეზოლუციაში, რომელიც ინიცირებულია”, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე.
„როდესაც ადამიანებს ვარწმუნებთ, რომ კონკრეტული მხარეების არჩაწერა, ესკალაციისკენ ნაბიჯების კიდევ არგადადგმა წარმოადგენს ცუდ ნაბიჯს საქართველოს მხრიდან, აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა. ეს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ფუჭი მცდელობაა.
ამ რეზოლუციის მიღება, რეალურად, იმ საფრთხეების თავიდან აცილებისკენ გადადგმული ნაბიჯია. აბსოლუტურად გააზრებული და ყველა სიტყვა აწონილ-დაწონილია რეზოლუციაში, რომელიც ინიცირებულია. ამის მიღმა ნებისმიერი სპეკულაცია არის ნებისმიერი თვალსაზრისით ნონსენსი და აბსურდი.
კონკრეტული სახელმწიფოს დასახელება და არდასახელება არ შეიძლება, გამხდარიყო საჯილდაო ქვა ოპოზიციის მხრიდან. ტექსტი ზედმიწევნით გამართულია და ორიენტირებულია იმ რისკებისა და საფრთხეების თავის არიდებისკენ, რომელიც მთავარი რისკია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი ვერ შედგეს და ამით, ნებსით თუ უნებლიედ, რუსული საქმე გაკეთდეს.
„რეალურად, საქართველოს პარლამენტი იქნება ერთ-ერთ პირველ სახელმწიფოთაგანი, რომლის პარლამენტიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს იმ საფრთხეებისგან დასაცავად, რომელიც მას შეიძლება, ემუქრებოდეს. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ესკალაციის თავიდან არიდება და იმ ვითარების მაქსიმალურად განმუხტვა, იმ საფრთხისა, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, ზოგადად, ცივილიზებულ კაცობრიობას.
რაც მეტი მოქალაქე გამოხატავს თავისებურად პოზიციას, ეს გასაგებია, მაგრამ, სინამდვილეში, ამ ადამიანების მიზანი არის არა ის, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს იმ რისკების თავის არიდებისთვის დოკუმენტის მიღებას, რომელიც უკრაინას რისკებს აარიდებს, არამედ ამათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ესკალაცია იყოს საქართველოში და ეს პროექტი ვერ შედგეს და, ნებსით თუ უნებლიედ, ამით რუსული საქმე გაკეთდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.