ცესკო დღეს გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად შეფასებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაც. კვლევაში ცესკოს საქმიანობის შეფასებას ორი სლაიდი ეთმობა, რომელთა თანახმადაც, ცესკოს საქმიანობას გამოკითხულთა 50% კარგად ან საშუალოდ აფასებს, თუმცაღა, კვლევის ერთ-ერთი „სლაიდის“ სათაურში აღნიშნულია, რომ ცესკოს საქმიანობის ნეგატიური შეფასება ბოლო ექვს წელში გასამმაგდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, როდესაც კვლევის მიხედვით ცესკოს საქმიანობა ასევე შეფასებულია „კარგი“ და „საშუალო“ კრიტერიუმების მიხედვით, მხოლოდ ნეგატიურ ნაწილზე ხაზგასმა და აპელირება ბუნდოვანია და შესაძლოა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საფუძველიც გახდეს, რაც იწვევს არასწორი ინტერპრეტაციისა და მანიპულაციის შესაძლებლობას. სწორედ კვლევის ამ კონკრეტულ შეფასებას ეყრდნობა მედიაც, რომელთა ნაწილმა მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში გააშუქა კვლევის შედეგები საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ თუ შევადარებთ გასულ წლებში განხორციელებული კვლევების შედეგებს, ცესკოს საქმიანობას კარგად და საშუალოდ, სტაბილურად, გამოკითხულთა 50% ან მეტი აფასებს, რაც, მიგვაჩნია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკურად პოლარიზებული გარემოს გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი მიღწევაა. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს კორექტულობისკენ, რათა მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ გახდეს მანიპულაციის საფუძველი, რაც დააზიანებს ისედაც პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რათა გაუმჯობესდეს საქმიანობა და გამყარდეს ნდობა საზოგადოებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები