შშმ პირის მიმართ ძალადობის საქმის პროკურორი – “დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ კადრებში თვითონ არიან”

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული პატრულ-ინსპექტორების საქმის პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, დაკავებულები უარყოფენ, რომ გადაღებულ ვიდეოკადრებში ისინი არიან.

“ბრალდებულებისთვის წარდგენილი გვაქვს კადრები და უარყოფენ, რომ ისინი არიან, თუმცა, მათი უშუალო თანამშრომელი და ხელმძღვანელია დაკითხული, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პირები არიან კადრებში”, – აცხადებს ალექსანდრე ჩხაიძე.

პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს პატიმრობა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მათი მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ამ ეტაპზე, მოწმის სახით გამოკითხულია არაერთი პირი, თავად დაზარალებული და ასევე, მოპოვებული გვაქვს ვიდეოჩანაწერი“, – განაცხადა ალექსანდრე ჩხეიძემ.

ცნობისთვის, პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის მეორე ბრალდებულს, პატრულ-ინსპექტორს, კახა ბაკაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები