ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

პარლამენტის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა უკვე შესრულებულ აქტივობებზე ისაუბრეს და ყურადღება მიმდინარე ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ შეხვედრაზე წარდგენილი ინფორმაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რასაც არსებული შედეგები მოწმობს.

„საპარლამენტო საბჭოს წევრი დეპუტატები, როგორც უმრავლესობიდან ასევე ოპოზიციიდან და საკონსულტაციო საბჭოს წევრები, რომლებიც სამოქალაქო სექტორით და საერთაშორისო ორგანიზაციებით არის წარმოდგენილი, აქტივობების შესრულების პროცესებში ინტენსიურად მონაწილეობენ და მათი ჩართულობით ხელმოსაჭიდი შედეგები გვაქვს.

რიგი ვალდებულებები უკვე ბოლომდეა შესრულებული, ნაწილი კი შესრულების პროცესშია და იმედს გამოვთქვამ, რომ 2022 წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას სრულყოფილად განვახორციელებთ. ასევე უნდა აღინიშნოს საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც 2021 წელს განხორციელებულ კონკრეტულ აქტივობებს და გამართული შეხვედრების შედეგებს ეფუძნება. ანგარიში, შემდგომი განხილვისა და დამტკიცებისთვის, დღეს ოფიციალურად გადაეგზავნა პარლამენტის ბიუროს და მისი დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტი პარლამენტის ვებ-გვერდის ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს სექციაში გამოქვეყნდება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე საბჭო დამატებით ღონისძიებების განხილვას არ აპირებს და ამისთვის ორი მიზეზი არსებობს. ერთი, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია გაკეთდეს იმ აქტივობებზე, რაც მიმდინარე სამოქმედო გემით არის გათვალისწინებული და მეორე, მაისში იგეგმება საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება, სადაც განხილული იქნება თუ რა დამატებითი აქტივობების განხორციელება იქნება შესაძლებელი და მიზანშეწონილი პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალეობისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, აღნიშნული კონფერენციის შემდეგ გამოიკვეთება იმ მიმართულებები, სადაც შესაძლოა დამატებითი აქტივობები გატარდეს. შეხვედრის დასასრულს საბჭოს წევრებმა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფში გაწევრიანების შესახებ ა(ა)იპ „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს” მოთხოვნა განიხილეს და ორგანიზაციის საკონსულტაციო ჯგუფში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს. საბჭოს სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ აღნიშნული ფორმატის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები