ირაკლი ქადაგიშვილი: უკრაინას ვუცხადებთ სოლიდარობას, რადგან ჩვენც ოკუპაციისა და აგრესიის ანალოგიური მძიმე ისტორია გვაქვს
“თუ ვინმე პარლამენტის რეზოლუციაში ნონსენსების ჩაწერას არ მოინდომებს, ნორმალური, გაწონასწორებული, აზრიანი რეზოლუციის მიღების პრობლემა არ უნდა არსებობდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული მხარე უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.
„რეზოლუცია არის პარლამენტისა და ქვეყნის საერთო პოზიცია. ის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავისუფალი არჩევანი დაცული უნდა იყოს, არცერთ სახელმწიფოს მეორე ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფის უფლება არ აქვს და უკრაინას ვუცხადებთ სოლიდარობას, რადგან ჩვენც ოკუპაციის და აგრესიის ანალოგიური მძიმე ისტორია გვაქვს. არანაირი პრობლემა ნორმალური, გაწონასწორებული, აზრიანი რეზოლუციის მიღების არ უნდა არსებობდეს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.